ბრიტანელი პარლამენტარი - 2008 წელს რუსულ აგრესიაზე რეაქცია მოზომილი და რბილი იყო, რის შედეგებსაც დასავლეთი დღეს იმკის
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატაში უკრაინაში შექმნილი სიტუაციის შესახებ მოსმენა გაიმართა. უკრაინაში რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე მსჯელობისას, ბრიტანელმა პარლამენტარებმა მკაფიო პარალელები გაავლეს 2008 წლის საქართველოსთან, როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა.
პარლამენტართა თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, დასავლეთმა დღეს გააცნობიერა ის, რეალურად რა მოხდა საქართველოში, ყირიმში, დონბასსა, თუ სირიაში.
როგორც პარლამენტარმა დევიდ ლემმა თავის გამოსვლაში განაცხადა „დასავლეთი სწორედ დღეს ცდილობს, გაერკვეს, რისი გაკეთება შეეძლო და რა უნდა გაეკეთებინა მაშინ“.
საქართველოსა და უკრაინის ომებს შორის არსებულ კავშირზე გაამახვილა ყურადღება ბრიტანელმა პარლამენტარმა ჯონათან ჯანოგლიმაც. მისი თქმით, 2008 წელს რუსულ აგრესიაზე რეაქცია მოზომილი და რბილი იყო, რის შედეგებსაც დასავლეთი დღეს იმკის.
„2008 წელს საქართველოს ოკუპაცია დასავლეთში მეტწილად შეუმჩნეველი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მაშინ შემუშავდა ინტერვენციისა და თავდასხმის ის ხელწერა, რომელიც რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ყირიმსა და უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში“, – აღნიშნა მან.
ჯონათან ჯანოგლი მიესალმა და შთამბეჭდავი უწოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. თუმცა, მისი თქმით, რუსეთი დასავლეთის პოლიტიკური, თუ ეკონომიკური წნეხის ქვეშ ბევრად უფრო ადრეც უნდა მოქცეულიყო.
„ჩვენ რომ გადამჭრელი ზომები მიგვეღო მაშინ, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, სხვათაშორის, რუსეთს ამ ქვეყნის ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს, მოგვიანებით ჩვენ შევძლებდით, შეგვეჩერებინა დასავლეთში მოვლენების ესოდენ მტკივნეულად განვითარება“, – განაცხადა ბრიტანელმა პარლამენტარმა.