ბრიტანელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ტრაგედიის მიზეზი აფეთქება იყო
ბრიტანელი ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ტრაგედიის მიზეზი აფეთქება იყო

სმოლენსკში პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ტრაგედიის მიზეზი აფეთქება იყო – ამის შესახებ ბრიტანელი ექსპერტების დასკვნაშია ნათქვამი. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ორგანიზაცია „ფორენსიკ ექსფლოსივს ლაბორატორის“ ანგარიშის შედეგები, პოლონეთის მთავრობის ქვეკომიტეტის დასკვნას დაემთხვა.

პოლონური კომიტეტი ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებდა.

„არც მფრინავების და არც ბორტზე მყოფი ადამიანების მოქმედებას არ გამოუწვევია თვითმფრინავის კატასტროფა, არამედ აფეთქებას. ბრიტანელების დახმარებით, დღეს ეს უკვე ვიცით. ჩვენ არ განვსაზღვრავთ აფეთქების ხასიათს. ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ აფეთქებაში მონაწილეობდა ტროტილი“, – აღნიშნა ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონი მაცერევიჩმა.

„ტუ 154“-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან და პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა სმოლენსკში, აეროპორტის მახლობლად, 2010 წლის 10 აპრილს განიცადა.