ბრიტანელი დეპუტატი ბობ სილი - სხვადასხვა სახის შხამები კრემლის საყვარელ იარაღად იქცა
დიდ ბრიტანეთში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერის სერგეი სკრიპალის სავარაუდო მოწამვლა ბრიტანული პრესის მთავარ თემად იქცა. გამოცემები აღნიშნულ საქმეს 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლას უკავშირებენ.
როგორც გამოცემა Times-თან დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ბობ სილი ამბობს, სხვადასხვა სახის შხამები კრემლის საყვარელ იარაღად იქცა. კონსერვატიული პარტიის წევრი დეპუტატის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთი ახალი ტოქსინების შექმნაზე მუშაობს. ბობ სილის მტკიცებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში ამისთვის სპეციალური განყოფილებაც არსებობს.
„ახალი შხამები კვალს არ ტოვებს, ამიტომ, ისინი ძალიან ხელსაყრელია ომის საიდუმლო ფორმების წარმოებისას. აქ ბრიტანეთში ადამიანის ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკვლა საკმაოდ რთულია და შესაძლოა, პრობლემები შექმნას. ამ მხრივ, შხამი გაცილებით მარტივი იარაღია“, – აცხადებს სილი Times-თან ინტერვიუში.
ბრიტანულ პრესასთან საუბარში ბობ სოლი ასახელებს სამი იპის შხამს, რომელსაც, მისი აზრით, კრემლის იყენებს.
პირველ კატეგორიას განეკუთვნება ძლიერი ოპიოიდები, როგორიც ფენტანილი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სწორედ ფენტანილის შემცველი აეროზოლი გამოიყენა რუსეთის სპეცრაზმმა მოსკოვში 2002 წელს დუბროვკაზე მდებარე თეატრში მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ. მაშინ დაიღუპა 130-მდე მძევალი.
მეორე კატეგორიას განეკუთვნება რადიაქტიური ტოქსინები, როგორიცაა პოლონიუმ-210, რომლითაც 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკო მოკლეს.
მესამე კატეგორია დიოქსინებია, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენეს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე ვიქტორ იუშჩენკოზე თავდასხმის დროს.
„ჩვენ ბრიტანეთში რუსეთს განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც საფრთხეს, არამედ როგორც გამაღიზიანებელს. ჩვენ უნდა შევცვალოთ რუსეთისადმი მიდგომა. რუსეთის ცდილობს მის წინ არსებული ბარიერების გაწევას სხვადასხვა გზით, მათ შორის დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ადამიანებზე თავდასხმით ან საერთაშორისო ალიანსების სიმტკიცის გამოცდით“, – ამბობს ბრიტანელი დეპუტატი ბობ სილი.
რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტი 66 წლის სერგეი სკრიპალი და ახალგაზრდა ქალი ინგლისის ქალაქ სოლსბერიში სავაჭრო ცენტრის მახლობლად სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ორივე მათგანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. სკრიპალის დიაგნოზი უცნობია, თუმცა ინციდენტის შემდეგ ქალაქის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იმ ადგილის მახლობლად, სადაც ყოფილი რუსი აგენტი იპოვეს, სავაჭრო ცენტრსა და სხვა დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სკრიპალის სახლში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.
სერგეი სკრიპალი რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის არის ნასამართლევი. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ის 2004 წელს ბრიტანულ დაზვერვასთან თანამშრომლობისთვის დააკავა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სამხედრო სამსახურის პერიოდში 1995 წელს სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა. 2006 წლის 9 აგვისტოს მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლოში მან დანაშაული აღიარა, კერძოდ მი-6-სთვი ასობით საიდუმლო დოკუმენტის გადაცემა და მისგან ფულადი ანაზღაურების მიღება.
2010 წელს სკრიპალი კიდევ სამ მსჯავრდებულთან ერთად შეიწყალეს. მოგვიანებით კი, ისინი აშშ-ში დაკავებულ რუს ჯაშუშებზე გაცვალეს, მათ შორის ანა ჩაპმანზე. ბოლო წლებში სკრიპალი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა.