ბრიტანელ შამიმა ბეგუმს, რომელიც წლების წინ სირიაში გადავიდა, შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
ბრიტანელ შამიმა ბეგუმს შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. ამის შესახებ „ბიბისი“ საიმიგრაციო კონტროლის დეპარტამენტის (Home Office) წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
მიზეზად, ბეგუმის გადაწყვეტილება სახელდება, რადგან რამდენიმე წლის წინ მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აირჩია.
შამიმა ბეგუმმა დიდი ბრიტანეთი 15 წლის ასაკში დატოვა და სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. იგი ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთ წევრზე დაქორწინდა. ახლა კი, შამიმა ბეგუმი 19 წლისაა, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და სირიაში, ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, მან დიდ ბრიტანეთში დაბრუნება მოითხოვა.
როგორც შამიმა ბეგუმმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, 2015 წელს სირიაში წასვლას არ ნანობს, თუმცა „ისლამურ სახელმწიფოს“ ყველაფერში არ ეთანხმება. ამასთან, ბეგუმი აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მხოლოდ საკუთარი შვილის დიდ ბრიტანეთში გაზრდა სურს.