ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი აცხადებს, რომ მსოფლიოს ყველაზე იდუმალი წიგნი გაშიფრა
თანამედროვე მსოფლიოში არის ერთი უძველესი ხელნაწერი წიგნი, რომლის გაშიფვრაც ადამიანთა ძალებს აღემატება. მას ვოინიჩის ხელნაწერს უწოდებენ და მე-15 საუკუნით თარიღდება. წიგნის შესახებ მსოფლიოში მრავალი ლეგენდა დადის.
თანამედროვეობის ყველაზე იდუმალმა წიგნმა მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანი მიიზიდა, რომლებიც მის გაშიფვრას ცდილობენ.
წიგნი 1912 წელს აღმოაჩინა ანტიკვარიატის შემგროვებელმა ვილფრედ ვოინიჩმა. მას შემდეგ, ხელნაწერის გაშიფვრა ვერავინ შეძლო, ვერც კრიპტოგრაფებმა, ვერც კოდის სპეციალისტებმა, ვერც ლინგვისტებმა და კომპიუტერულმა პროგრამებმაც კი.
თუმცა, ამ წიგნთან ორკვირიანი მუშაობის შემდეგ, ინგლისელი მეცნიერი ფიქრობს, რომ მან ეს მოახერხა.
„კოდის გაშიფვრის დროს, რამდენჯერმე გამოვცადე „ევრიკას“ მომენტი“, — ამბობს ლინგვისტი ჯერარდ ჩეშირი.
ჩეშირის თქმით, მან ინოვაციური და დამოუკიდებელი მეთოდი გამოიყენა და სჯერა, რომ აღმოაჩინა გამქრალი ენა, რომელიც წინ უსწრებდა ფრანგულს, იტალიურს, რუმინულს, პორტუგალიურს, ესპანურსა გალისიურს.
ჩეშირი დარწმუნებულია, რომ ტექსტი შესრულებულია სრულიად ნორმალურ პროტორომანულ ენაზე, რომელიც ისტორიამ დაკარგა და გამორჩეულია არა ჭკვიანურად დაწერილი კოდით, არამედ საკმაო ბანალურობით.
მისი თქმით, ტექსტში საუბარია მცენარეულ რეცეპტებზე, ბანაობაზე, ასტროლოგიასა და ქალის სხეულზე. ჩეშირი აცხადებს, რომ იცის ტექსტის ავტორიც კი — დომინიკელი ბერი, რომელმაც ის არაგონის დედოფალ მარია კასტილიელს მიუძღვნა.
მაგალითად, ქვემოთ მოცემულ სურათზე გამოსახულია ორი ქალი, რომელიც ხუთ ბავშვს აბანავებს და წარმოთქვამენ ფრაზებს, რომლებიც სავარაუდოდ წააგავს კატალანურ, პორტუგალიურ და რუმინულ სიტყვებს — „ძალიან ხმაურიანი“, „სულელური“, „სრიალა“, „მოთმინების დაკარგვა“; ავტორის აზრით, ეს სიტყვები უნდა იყოს ფრანგული გამოთქმა „ oh là là“-ს საფუძველი.
თუმცა, ჩეშირის საკმაოდ თამამ განცხადებებს ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებს. მათ შორის არის ამერიკის შუა საუკუნეების აკადემიის დირექტორი ჯენიფერ უელეტი. მისი თქმით, ჩეშირი ხელმძღვანელობს სიტყვების სიახლოვით ფოტოებთან, რასაც შეიძლება ისინი გამოხატავდნენ.
უელეტი ფიქრობს, რომ სრულიად დაუსაბუთებელია მოსაზრება, თითქოს ეს პროტორომანული ენა იყოს.
წლების განმავლობაში, ვოინიჩის ხელნაწერების გაშიფვრის პრეტენზია აქამდეც ძალიან ბევრს ჰქონდა. ზოგიერთი მათგანი სხვებზე დამაჯერებელი ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველა მათგანი გაქარწყლდა.
შარშან, კომპიუტერულმა ალგორითმმა დაადგინა, რომ 200-გვერდიანი ტექსტი ყველაზე მეტად ჰგავდა ებრაულსა და არა რომანულ ენებს.
2017 წელს, ისტორიკოსი ნიკოლას გიბსი აცხადებდა, ტექსტი წარმოადგენს ქალის ჯანმრთელობის სახელმძღვანელოს და თან ახლავს ბევრი ლათინური აბრევიატურა.
რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ მიაგნო მტკიცებულებებს, რომ შესაძლოა, საქმე ეხებოდეს საკმაოდ დახვეწილ თაღლითობას.
ინგლისის კილის უნივერსიტეტის მკვლევარი გორდონ რაგი, რომელმაც ამ ტექსტთან მუშაობას ათ წელზე მეტი მიუძღვნა, ამტკიცებს, რომ ხელნაწერის დახვეწილი „ენა“ შეიძლება უმარტივესი სიყალბე იყოს, თუკი ავტორმა დაშიფვრის მარტივი მეთოდები იცოდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, მთელი ამდენი დრო მეცნიერებმა ტყუილად დაკარგეს.
კვლევა ჟურნალ Romance Studies-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.