ბრინჯის მომზადების ახალი მეთოდი მას დარიშხანს აცლის და საკვებ ნივთიერებებს უნარჩუნებს — #1tvმეცნიერება
ბრინჯი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი პროდუქტია. თუმცა, უმეტეს სხვა საკვებთან შედარებით, აქვს დარიშხანის მაღალი შემცველობა, ზრდის დროს ნიადაგიდან იწოვს 10-ჯერ უფრო მეტ ტოქსიკურ არაორგანულ დარიშხანს, ვიდრე სხვა მარცვლეული კულტურები.
ამის მიზეზი ძირითადად ის არის, რომ ბრინჯი დატბორილ მინდვრებზე მოჰყავთ, სადაც მცენარე გაცილებით ადვილად ითვისებს ნიადაგში ბუნებრივად არსებულ კანცეროგენულ ნაერთებს. დარიშხანის ზემოქმედების თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევა დაბინძურებული მიწისქვეშა წყლები; ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას ბრინჯის წარმოებისას სარწყავად იყენებენ.
დარიშხანის ტოქსიკურობის შესახებ ადამიანმა უკვე ათასობით წელია იცის, მაგრამ ბრინჯის მოხმარებით იგივე საფრთხის შესახებ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავიგეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანას გარკვეული რეგულაციები აქვს ბრინჯის მოხმარების შედეგად დარიშხანის ზემოქმედების შესამცირებლად, ასეთი კანონები არ მოქმედებს აზიის მრავალ ქვეყანაში, სადაც ბრინჯის მოხმარება ყველაზე მაღალია.
იმ ქვეყნებშიც კი, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში, სადაც ასეთი სახელმძღვანელოები არსებობს, შეიძლება მაინც იყოს უხილავი რისკები, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში, რომლებიც ყველაზე მგრძნობიარე არიან დარიშხანის ზემოქმედებისადმი.
წლის დასაწყისში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში შეამოწმეს ბრიტანეთის ბაზარზე არსებული ბრინჯის 55 სახეობა; აღმოჩნდა, რომ მათში დარიშხანის შემცველობა იმაზე მაღალი იყო, ვიდრე რეგულაციით არის ნებადართული ჩვილებისა და ხუთ წლამდე ბავშვებისათვის; მეორე კვლევამ კი დააგინა კავშირი ბრინჯის მოხმარებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკს შორის.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში ნათელი გახდა, რომ ბრინჯში არაორგანული დარიშხანის დონის შემცირება შესაძლებელია სხვადასხვა გზით, გარეცხვით ან გავლებით, ანდაც მომზადების სხვადასხვა მეთოდით. თუმცა, ზოგიერთმა ამ მეთოდმა შეიძლება შეამციროს ბრინჯში საკვებ ნივთიერებათა დონე, რაც ასევე არასასურველია.
ახალ კვლევაში, გაერთიანებული სამეფოს შეფილდის უნივერსიტეტის ნიადაგის მეცნიერმა მანოჯ მენონმა და მისმა ჯგუფმა ბრინჯის მომზადების სხვადასხვა მეთოდი შეისწავლა, რათა დაედგინა, რომელი იყო დარიშხანის შემცირების საუკეთესო გზა ისე, რომ თან შენარჩუნებულიყო საკვები ნივთიერებები.
მათ გამოსცადეს ოთხი პროცესი, რომელთაგან ყველა გულისხმობდა ბრინჯის მომზადებას შეწოვის მეთოდით, გაურეცხავი, გარეცხილი, წინასწარ გაჟღენთილი და დამდუღრული (ნაწილობრივ მოხარშული) ბრინჯით.
როდესაც შედეგები შეისწავლეს, აღმოაჩინეს, რომ შეწოვის მეთოდით დამდუღვრა ყველაზე მეტად ამცირებდა ბრინჯში დარიშხანის დონეს და ამავე დროს უნარჩუნებდა კვებით ღირებულებას.
მკვლევართა განცხადებით, სახლის პირობებში ამის გასაკეთებლად, წყალი ადუღებამდე უნდა მიიყვანოთ (ოთხი ფინჯანი წყალი ერთ ფინჯან ბრინჯზე). შემდეგ დაამატეთ ბრინჯი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, წყალი გადაუწურეთ (რომელშიც არის მანამდე ბრინჯში არსებული დარიშხანის უმეტესობა) და დაასხით ცივი წყალი (ორი ფინჯანი ერთ ფინჯან ბრინჯზე). შემდეგ დააფარეთ სახურავი და ადუღეთ დაბალ ან საშუალო ტემპერატურაზე იქამდე, ვიდრე ბრინჯი წყალს მთლიანად შეიწოვს.
„ამ მეთოდით მნიშვნელოვნად შემცირდა დარიშხანის შემცველობა, მაგრამ არ დაიკარგა დიდი ოდენობით საკვები ნივთიერება. ამ მეთოდით ბრინჯის მომზადებას ძლიერ რეკომენდაციას ვუწევთ ჩვილებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც საკმაოდ მოწყვლადი არიან დარიშხანის ზემოქმედებისადმი “, — ამბობს მენონი.
მკვლევართა განცხადებით, ეს მეთოდი ყავისფერ ბრინჯს აცლის არაორგანული ნაერთის 54 პროცენტს, თეთრ ბრინჯს კი 74 პროცენტს. ამავე დროს, უნარჩუნებს ისეთი საკვები ნივთიერებების უდიდეს ნაწილს, როგორებიც არის ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია და მანგანუმი.
გარდა იმისა, რომ მოაცილა დარიშხანი და შეუნარჩუნა საკვები ნივთიერებები, მკვლევრები ამბობენ, რომ ეს მეთოდი მოითხოვს ნაკლებ წყალს, ენერგიასა და მომზადების დროს, ვიდრე სხვა ის მეთოდები, რომლებიც დარიშხანს ასევე აცლის, მაგალითად, ბევრ წყალში მოხარშვა და გადაწურვა, რა დროსაც იკარგება საკვები ნივთიერებებიც.
მკვლევრები აცნობიერებენ, რომ საჭიროა მათი ექსპერიმენტი სხვანაირ გარემოშიც ჩატარდეს, სხვადასხვა სახის ბრინჯისა და წყლის გამოყენებით.
კვლევა ჟურნალ Science of The Total Environment-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sheffield.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.