ბრექსიტის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი იმედოვნებს, რომ ლონდონი ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევას 21 ნოემბრისთვის შეძლებს
ბრექსიტის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრი დომინიკ რააბი იმედოვნებს, რომ ლონდონი ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევას 21 ნოემბრისთვის შეძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი დომინიკ რააბის მიერ პარლამენტში ბრექსიტის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის ხელმძღვანელისადმი მიწერილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოხარული ვიქნები, წარვუდგინო მონაცემები კომიტეტს, როდესაც შეთანხმების გაფორმება დასრულდება. ამჟამად ველოდები, რომ ეს 21 ნოემბერს მოხდება“, – ნათქვამია წერილში.
ბრიტანელი მინისტრის ინფორმაციით, ბრიუსელსა და ლონდონს შორის მოლაპარაკებებში რეალური პროგრესია.
„ჩვენ საკითხების უმრავლესობა გადავწყვიტეთ და ერთად ვაშენებთ იმას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი მომავალი ურთიერთობები და რეალურ პროგრესს მივაღწიეთ“, – აღნიშნულია რააბის წერილში.
შეგახსენებთ, მანამდე მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ბრექსიტის საკითხზე შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა ნოემბრის ბოლოა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.