ლონდონში ბრექსითის მოწინააღმდეგეებმა ორიგინალური აქცია გამართეს. აქტივისტებმა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში არსებულ ჯანდაცვის დეპარტამენტთან სამედიცინო მედიკამენტებითა და საკვებით დატვირთული ყუთები მიიტანეს. ამ ხერხით მათ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რა შეიძლება მოხდეს, თუ ქვეყანა ევროკავშირს ვაჭრობის საკითხში შეთანხმების გაფორმების გარეშე დატოვებს.
„ჩვენ დაგროვებისთვის მხარი არ დაგვიჭერია“,- ეს იყო ახალგაზრდული ორგანიზაცია Our Future Our Coice-ის (ჩვენი მომავალი, ჩვენი არჩევანია) რამდენიმე ათეული აქტივისტის მთავარი ლოზუნგი, რომლებმაც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის შენობასთან რამდენიმე საათი დაჰყვეს.
გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო ასოციაცია NHS Providers-მა ცოტა ხნის წინ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბრექსითის შემდეგ დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, მედიკამენტების დეფიციტის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს,
სამედიცინო ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ ევროპულ გაერთიანებასთან სავაჭრო საკითხში შეთანხმებას არ გააფორმებს, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მედიკამენტების დეფიციტი გარდაუვალია.
სამედიცინო ასოციაციამ შესაბამისი გამაფრთხილებელი წერილი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს უკვე გაუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ „ბრექსითის“ შემდეგ, შესაბამისი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, გაერთიანებულ სამეფოში შემოსული სამედიცინო მედიკამენტების დიდი ჯაჭვი ევროკავშირიდან გასვლის პირველივე დღეს დაირღვევა.
სამედიცინო ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირიდან გასვლის პროცესი კარგად ვერ დაგეგმა და ვაჭრობის სფეროში შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ბრიტანეთის სამედიცინო დაწესებულებები შესაძლოა, ქაოსმა მოიცვას. შედეგად კი, გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებლების ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დადგება.