ბრენდირებული სარეცხი საშუალებების სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე აჭარაში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის იმპორტს, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ახდენდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10-კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული, 1 386 ერთეული „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.