ბრაზილიური მეტსახელების წარმოშობის ისტორია: ჩიტები, საკვები, ალენ დელონი...
ბრაზილიური მეტსახელების წარმოშობის ისტორია: ჩიტები, საკვები, ალენ დელონი...

აქ ჩამოთვლილია ხუთი ბრწყინვალე ბრაზილიელი ფეხბურთელი და საინტერესოა, იცნობთ თუ არა მათ ამ სახელებით:

ედსონ არანტეს დო ნასიმენტო, მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი, მარკოს ევანჯელისტა დე მორაეში, რიკარდო იზეკსონ დოს სანტიოს ლეიტი, ჟივანილდო ვიეირა დე სოუზა.

ჩამოთვლილი ფეხბურთელები არიან: პელე, გარინჩა, კაფუ, კაკა, ჰალკი.

საფეხბურთო სამყარო ისეა შეჩვეული ბრაზილიელი ფეხბურთელების მეტსახელებს, რომ სრულიად დაავიწყდათ – მათ ნამდვილი სახელებიც აქვთ.

ბრაზილიაში რთული სახელების შემოკლებისა და შეცვლის მთელი კულტი ჩამოყალიბდა. ფეხბურთი ამის დამაჯერებელი მაგალითია. მაგრამ, თუ ადრე ფეხბურთელები იღებდნენ ისეთ მეტსახელებს, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო მათ რეალურ სახელებთან, ახლა ეს ტრადიცია ქრება. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, ბრაზილიელთა განაცხადში არც ერთ მოთამაშეს არ ჰქონია მეტსახელი. იყვნენ ფერნანდინიო და ფრედი, მაგრამ მათი მეტსახელები ნამდვილი სახელებიდან მოდიოდა. ვილიანსა და მარსელოს – რეალურად ასევე ჰქვიათ, კაზემირო – დედის გვარია, რომელიც მასთან ავტომატურად გადავიდა.

1930 წლიდან მოყოლებული, მეტსახელებზე მოდა 40 წელი გრძელდებოდა, 1970 წლიდან მოყოლებული – კიდევ 30 წელი, მაგრამ ახლა ფსევდონიმები ქრება: 2010 წლის ჩემპიონატზე, მას იყენებდნენ გრაფიტე და კაკა, 2014 წელს – მხოლოდ ჰალკი.

ბრაზილიაში ძალიან გრძელი სახელები აქვთ. რატომ?

როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი?

1. თავიდან მოდის სახელი. ის შეიძლება შედგებოდეს 1-2 სიტყვისგან.

2. შემდეგ მოდის გვარი ორ ნაწილად: დედის (1-2 სიტყვა) და მამის (1-2 სიტყვა).

მაგალითად მოვიყვანოთ პელე: ედსონ (მისი სახელი), არანტისი (დედის გვარი), დო ნასიმენტო (მამის გვარი).

ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ არსებობს გამონაკლისები: ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის გვარი, სხვას – ორი-სამი გვარი თითოეულისგან. ვიღაცეები უმატებენ წმინადნების სახელებს.

იმის გამო, რომ ბრაზილიაში სრული სახელები გრძელია, ცხოვრებაში მათ, ჩვეულებრივ, ამოკლებენ: პირადი სახელი + მამის გვარი: ედსონ ნასიმენტო.

საიდან მოდის მეტსახელები?

ბრაზილია ასოცირდება მონობასთან. დაფარულ ფორმებში, მონობა იქ დღესაც არის შენარჩუნებული, ოფიციალურად კი 1888 წელს აიკრძალა – ყველაზე გვიან კონტინენტზე. ქვეყანაში ყველაზე მეტი მონა შეჰყავდათ, ვიდრე სხვაგან – დაახლოებით ოთხი მილიონი. ექვსჯერ მეტი, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

როცა მონები გაანთავისუფლეს, ისინი ქალაქებში გადავიდნენ, ჯგუფებად ცხოვრობდნენ და თავიანთი ფენა შექმნეს, რომელსაც კიდევ დიდი ხანი არ აღიარებდა მოსახლეობის თეთრი ნაწილი. XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე, ფეხბურთმა ბრაზილიაში ძალიან პოპულარული კრიკეტის შევიწროება დაიწყო. ფერადკანიანებს სტადიონებზე არ უშვებდნენ, მაგრამ ისინი თამაშებს სახურავებიდან უყურებდნენ. მათ არ ჰქონდათ ბურთი, მაგრამ მას ნაჭრებისგან ამზადებდნენ. არ ჰყოფნიდათ ფეხსაცმელი, მაგრამ ფეხშიშველი თამაშობდნენ.

მოგვიანებით, ფერადკანიანებმა ბრაზილია მთავარ საფეხბურთო ქვეყანად აქციეს. იმის გამო, რომ მონები მთელი ცხოვრება (ისინი პლანტაციებზე მხოლოდ 7-10 წელი მუშაობას უძლებდნენ) თავიანთი პატრონების საკუთრებად რჩებოდნენ, მათი სახელები და გვარები არავის სჭირდებოდა. პატრონებისთვის უფრო მოხერხებული იყო მათთვის მოკლე მეტსახელების მოფიქრება, რასაც ისინი, დროთა განმავლობაში ეჩვეოდნენ.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია: ტრადიცია, შესაძლოა, XVI საუკუნეში წარმოიშვა, როცა ბრაზილიაში ებრაელები და მავრები გადაასახლეს. ევროპაში ისინი ძალით მონათლეს ქრისტიანებად და მიგრანტებს არ უნდოდათ, რომ ამის შესახებ სხვებს გაეგოთ. ამიტომაც, ისინი, უბრალოდ, ივიწყებდნენ საკუთარ გვარებს (იმ წლებში, გვარები ნათლობის ნიშანი იყო) და მათ არასოდეს წარმოთქვამდნენ.

როგორ აძლევენ მეტსახელებს ბრაზილიელ ფეხბურთელებს?

ინგლისელი ალექს ბელოსის წიგნში „ფეხბურთი – ბრაზილიური ცხოვრების წესი“ წერია, რომ პირველი ადამიანი ფსევდონიმით ბრაზილიაში ჯერ კიდევ 1914 წელს თამაშობდა. ეს იყო ფორვარდი ფერმიგა (ჭიანჭველა). რთული სათქმელია, რატომ აირჩია მან ეს მეტსახელი – ვარიანტი შეიძლება რამდენიმე იყო.

მეტსახელები ჯგუფების მიხედვით შეიძლება დაიყოს.

1. საერთო მახასიათებლები

ამ კატეგორიაში ხვდება გარეგნული თვისებები, ხასიათი, გატაცება…

მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონატზე, ბრაზილიელთა რიგებში ბრწყინავდა პრეგინიო, ანუ პატარა ფრჩხილი.

მოგვიანებით, ნაკრებში მოხვდნენ ბიგოდე, ნარისი და ბოკინია – ულვაშები, ცხვირი და პატარა პირი.

ქალი ფეხბურთელის პრეტინიას (ის ნაკრებში 1991-2008 წლებში თამაშობდა) მეტსახელი ითარგმნება, როგორ „პატარა შავი გოგონა“. მისი სიმაღლე – 157 სანტიმეტრია.

ლეგენდარულ გარინჩას (მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი) ძალიან უყვარდა ჩიტები და ბავშვობაში სწორედ მათ გამო მიიღო მეტსახელი. ადრეულ წლებში ის იჭერდა პატარა ტროპიკულ ჩიტებს, რომლებსაც ინდიელთა დიალექტზე „გარინჩა“ ეწოდებოდა. მომავალი ფეხბურთელი ზუსტად იმეორებდა მათ ხმას და ერთხელ, დამ უთხრა: „იმდენ ჩიტს იჭერ, რომ მალე თავად გახდები გარინჩა“.

ცხოველებისა და ფრინველების პატივსაცემად მოფიქრებული მეტსახელებისგან ცალკე ჯგუფის შექმნა შეიძლება: პატო (იხვი), განსო (ბატი), პავაო (ფარშევანგი), არანია (ობობა), ედსონ სეგონია (წერო), ედუარდო რატინიო (პატარა თაგვი/ვირთხა), ჟორჟე პრეა (ზღვის გოჭი).

2. სხვა ფეხბურთელების პატივსაცემად

ასე წარმოიშვა კაფუ. მისი მეტსახელი მოდის კაფურინგისგან – ეს არის მოასირ ფერნანდესის მეტსახელი. ის „ფლუმინენსეში“ 70-იან წლებში თამაშობდა.

ფორვარდ ლუის ანტონიო კორეა და კოშტას, რომელმაც 1986-98 წლებში ნაკრებში 59 მატჩი ჩაატარა, იცნობენ, როგორც მიულერს. ყველაფერი მარტივადაა: მან ეს მეტსახელი გერმანული ფეხბურთის ლეგენდისგან გერდ მიულერისგან აიღო.

3. სახელებისგან ან გვარებისგან

ბრაზილიელები სახელებს უმატებენ სუფიქსს „ინიოს” (ფერნანდო – ფერნანდინიო) ან, უბრალოდ, ამოკლებენ მას (ფრედს ჰქვია ფრედერიკო).

ადრე, სახელი შეიძლება შემთხვევით გამხდარიყო მეტსახელის საფუძველი.

მაგალითად, კაკას უმცროს ძმას დიგანს არ შეეძლო რიკარდოს თქმა და კაკა გამოსდიოდა. მშობლებს მოეწონათ და ეს მეტსახელი ფეხბურთელს მთელი ცხოვრება მიეწება.

დიდი (მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი – 1958 და 1962 წლებში) – წარმოიქმნა ვალდირ პერეირასგან, ვავა (მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი) – ედვალდოსგან.

პელეს ზუსტად არ ახსოვს, როგორ მიიღო სახელგანთქმული მეტსახელი, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და შაბლონური ვერსია ჰგავს კაკასთან დაკავშირებულ ლეგენდას: პელე არასწორად ასახელებდა „ვასკო და გამაში“ თავის საყვარელ ფეხბურთელს ბილეს.

ზიკოს (არტურ ანტუნეშ კოიმბრა) მეტსახელი საერთოდაც სუფიქსიდან მოდის. თავდაპირველად, როგორც ყველაზე უმცროსს ოჯახში, მას არტურზინიოს ეძახდნენ, მაგრამ მშობლებმა და დამ იფიქრეს, რომ უფრო საყვარლად ჟღერს არტურზიკო.

ხანდახან, ბრაზილიაში აერთებენ მშობლების სახელებს და ისე არქმევენ სახელს. XX საუკუნეში ქვეყნის საუკეთესო მეკარის ჟილმარის მამას ჟილბერტო ერქვა, დედას – მარია.

4. როკვარსკვლავების, მსახიობების, სუპერგმირების და მულტფილების პერსონაჟების პატივსაცემად

ბავშვობაში დუნგას (კარლოს კაეტანო ბლედორნა ვერი) მეგობრებმა გაიხუმრეს, რომ ის ჯუჯა დოლის ჰგავს დისნეის „ფიფქია და შვიდი ჯუჯადან“. პორტუგალიურად დოლი ჟღერს, როგორ დუნგა.

პატარა ჰალკი აღმერთებდა Marvel-ის მწვანე სუპერგმირს და ამგვარი მეტსახელი მამისგან მიიღო. თუმცა, ჰალკი ფსევდონიმის გარეშეც მოგაგონებთ მის კერპს: მძლავრი ზურგი, ფართო მხრები და მკერდი.

2001 წელს, ცოტა ხნით ბრაზილიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი იყო ალენ დელონი (სრული სახელი – ალენ დელონ სანტოს დანტასი). დედამ მას ეს სახელი საყვარელი მსახიობის პატივსაცემად დაარქვა, თუმცა, თავიდან ეჭვობდა და ამერიკელ ვარსკვლავ კრისტოფერ რივზე ფიქრობდა.

ახლა, ყველაზე მოულოდნელი: მარიელა დოს სანტოს დოს სილვას, რომელიც 1996 წელს ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებში თამაშობდა, იცნობდნენ, როგორც მაიკლ ჯექსონს. პარტნიორებმა გოგონას სიარულის მანერაში ვარსკვლავის საცეკვაო ილეთები შეამჩნიეს, ამიტომაც მომღერლის სახელით მიმართავდნენ და ისიც არ იყო წინააღმდეგი. თუმცა, გულშემატკივრები ყოველთვის ხარხარებდნენ, როცა დიქტორი აცხადებდა მაიკლ ჯექსონს, მინდორზე კი გოგონა შერბოდა.

2000 წელს, პირველ დივიზიონში ერთბაშად სამი ფეხბურთელი თამაშობდა სახელით დონიზეტი. ამ მეტსახელს უცნაური ისტორია აქვს. XX საუკუნის შუაში, ერთმა ბრაზილიელმა, რომელიც კლასიკური მუსიკისა და ოპერის დიდი თაყვანისმცემელი იყო, თავის შვილებს დაარქვა – შოპენი, მოცარტი, ბელინი, ვერდი და დონიცეტი (იტალიელი კომპოზიტორი, 68 ოპერის ავტორი, გარდაიცვალა 1848 წელს). ეს უკანასკნელი მღვდელი გახდა და 50-იან წლებში, სან პაულუში სახელი გაითქვა, როგორც მკურნალმა. მას შემდეგ, მშობლები ბავშვებს მის სახელს არქმევდნენ: დღეს, ბრაიზილიაში დონიზეტი დაახლოებით მილიონ ადამიანს ჰქვია.

5. გეოგრაფიული კუთვნილება

ჟუნიორ ბაიანობაიადან, რაფაელ კარიოკარიოდან, რომლის მაცხოვრებლები საკუთარ თავს „კარიოკებს“ უწოდებენ.

საჯარიმოების ოსტატს ჟუნინიო პერნამბუკანოს, სინამდვილეში ჰქვია ანტონიო აუგუსტო რიბეირო რეის ჟუნიორი. თავდაპირველად, მას, უბრალოდ, ჟუნინიო ერქვა, მაგრამ საჭირო გახდა მეტსახელის შეცვლა, რათა ის განესხვავებინათ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონისგან ჟუნინიო პაულისტასგან. პერნამბუკანო ნიშნავს „შტატ პერნამბუკუდან“, პაულისტა – „სან პაულუს შტატიდან“ (პაულისტა – მისი მაცხოვრებლები არიან).

ბრაზილიელი ფეხბურთელების მეტსახელებიდან შეიძლება მათი ისტორიული ფესვები ამოვიცნოთ. სხვადასხვა დროს, ქვეყანაში თამაშობდნენ: პოლაკი (პოლონელი), მექსიკანი, პარაგვაიო, შეკო (ჩეხი), ჟაპინია (პატარა იაპონელი), შინეზინიო (პატარა ჩინელი), ალემაო (გერმანელი), სომალი და კონგო.

6. თამაშის სტილი

28 წლის მანტეიგოს (პეპელა), რომელსაც 2008 წელს, ბრაზილიიდან „ფეიენოორდში“ გადასვლის შემდეგ კარიერა არ აეწყო, ეს მეტსახელი სამშობლოში თავისი მაღალი გადაცემების გამო მოუგონეს. არსებობდა ფეხბურთელი პე-დე-ვალსა, რომელიც „ფლუმინენსეში“ თამაშისას, თითქოს ბურთთან ერთად ცეკვავდა. აგრეთვე ნასა (NASA – აშშ-ის კოსმოსური კვლევის ცენტრი) „ვასკო და გამადან“, რომელიც მარჯვენა ფეხით კოსმოსური სიჩქარით უშვებდა ბურთს.

7. საქმიანობის მიხედვით

ბრაზილიური ფეხბურთის შესახებ ალექს ბელოსის წიგნში ნახსენებია ადამიანი, სახელად შამპო მაურო (შამპუნი მაურო): ის კლუბ „იბისის“ კაპიტანი იყო და პარალელურად, დალაქად მუშაობდა. 80-იანი წლების დასაწყისში, პერნამბუკუს შტატის ჩემპიონატში მოთამაშე „იბისის“ ოთხი სეზონი გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული და მას მსოფლიოში ყველაზე უარეს გუნდს უწოდებდნენ. „ფეხბურთელი, დალაქი და მამაკაცი – მე ერთადერთი ვარ ასეთი ბრაზილიაში, – ამბობს ბელოსის წიგნში შამპო. – ჩვენი კლუბი ამაყობს თავისი რეპუტაციით. ჩვენ ფან-კლუბიც კი გვყავს პორტუგალიაში. თუმცა, როცა მოგება დავიწყეთ, ისინი მუქარის წერილებს გვიგზავნიდნენ“.

მას შემდეგ, „იბისა“ არ იცვლება. კლუბი აგრძელებს თავისი იდეის დაცვას – „არაფერია ჩვენზე უარესი“.

8. პროდუქტები და საკვები

კოკადა (ტკბილეული ქოქოსის კაკლისგან), ედუარდო აროსი (ბრინჯი), ადემირ სოპა (წვნიანი), ტრიგინიო (ხორბალი).

ზოგიერთი მეტსახელის ახსნა შეუძლებელია. გრაფიტემ, რომელმაც 2008-09 წლების სეზონში „ვოლფსბურგის“ მაისურით ბუნდესლიგაში 28 გოლი გაიტანა, თავისი ისტორია გაამხილა: „როცა „მატონენსეში“ (მისი პირველი გუნდი ბრაზილიაში) გასინჯვაზე ვიყავი, მწვრთნელმა დამიძახა: „გრაფიტე, მოდი აქ!“ მე გამიკვირდა: გრაფიტე? რატომ გრაფიტე? მან ამიხსნა, რომ ბევრ მაღალ ბიჭთან ერთად უთამაშია, რომლებიც ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც მე, და მათ გრაფიტეს ეძახდნენ. შემდეგ მან სახელიმკითხა. მე ვუპასუხე – ედინალდო. მას გაეცინა: „შენ მეტსახელი არ გაქვს?“ მაშინ მე ვუპასუხე, რომ მეგობრები დინას მეძახიან, მაგრამ არ მოეწონა: „ძალიან რბილია ფეხბურთისთვის, არ იმუშავებს“.

ასე გახდა ედინალდო ბატისტა ლიბანო გრაფიტე.

რონალდაო, რონალდო, რონალდინიო

ბრაზილიის ნაკრები ცნობილია სამი რონალდოთი: მცველი რონალდაოთი (რონალდო როდრიგეს დე ჟესუსი), „კიჭა“ რონალდოთი (რონალდო ლუის ნაზარიო დი ლიმა) და რონალდინიოთი (რონალდო დე ასის მორეირა).

სუფიქსი „ინიო“ – ადამიანის „დასაპატარავებლად“ გამოიყენება, „აო“ – წონას უმატებს. თავიდან ყველაფერი უბრალოდ იყო: რონალდაო იყო დიდი, რონალდო – ჩვეულებრივი. მაგრამ 1999 წელს გაჩნდა რონალდინიო. ბოლომდე რომ არ გამეორებულიყვნენ, უმატებდნენ გაუშოს – პატარა რონალდო რიო-გრანდე-დო-სულიდან (მისი მშობლიური შტატი). შემდეგ, როცა რონალდინიო გაიზარდა, მეტსახელი ჟღერად ბრენდად იქცა და რამეს შეცვლა უაზრობა იყო.

რატომ უყვართ ბრაზილიელებს მეტსახელები?

როცა ბრაზილიელები ერთ სიტყვამდე ამცირებენ სახელებს ან მეტსახელებს იგონებენ, ეს მათ ერთმანეთთან აახლოებს. მსგავსი მაგია იქმნება ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის. ფანები აღმერთებენ მეტსახელებს, რადგან ამით იქმნება ცნობილ ფეხბურთელთან მეგობრობის ან ძველი ნაცნობობის ილუზია.

„მე შესანიშნავ დროს ვთამაშობდი, ვნახე მსოფლიოს 1958, 1962 და 1970 წლების ჩემპიონატები. გარშემო ბევრი ფეხბურთელი იყო მეტსახელით, – სინანულით იხსენებს ფორვარდი პეპე, რომელიც „სანტოსში“ 10 წელი პელეს გვერდით თამაშობდა. – მაგრამ, ახლა, ყველაფერი შეიცვალა. ფეხბურთელებს ხშირად სახელებით მიმართავენ და გულშემატკივრები კარგავენ კავშირს კერპებთან. ფანებისთვის გაცილებით იოლია აღფრთოვანება გამოხატონ პელეთი ან გარინჩათი, ვიდრე იძახონ: ჩემი საყვარელი ფეხბურთელია – მანუელ ფრანსისკო (გარინჩას სახელი). ყველაფერი უფრო ფორმალური გახდა, მაგრამ მე ვამაყობ, რომ პეპე მქვია. ასე ერქვა მამაჩემსაც.“

რატომ ქრება მეტსახელები?

მთავარი ბრაზილიური გამოცემის Globo-ს რედაქტორის მარვიო დოს ანჟოსის აზრით, ფსევდონიმები ქრება იმის გამო, რომ ფეხბურთი საბოლოოდ გადაიქცა ბიზნესად. ბავშვობიდანვე მოთამაშეები ისწრაფიან გახდნენ ბრენდები, ამის მიღწევა კი რთულია, როცა სხეულის ნაწილის, ჩიტის ან მულტფილმის გმირის სახელი გაქვს, – მიაჩნია ჟურნალისტს. „მეტსახელებზე უარის თქმას ფეხბურთელებს აგენტები და კლუბების ხელმძღვანელები აიძულებენ“, – ამბობს დოს ანჟოსი.

ბრაზილიურმა კლუბებმა, მაგალითად, „ინტერნასიონალმა“ და „სან პაულუმ“ უკვე თხოვეს თავისი აკადემიის კურსდამთავრებულებს – დაიტოვონ საკუთარი გვარები, რადგან მიჩნეულია, რომ ეს ხელს უწყობს მათ ევროპაში გაყიდვას. ავტორიტეტული ჟურნალი Placar წერდა, რომ ერთხელ „ინტერნასიონალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ფერნანდო კარვალიომ თხოვა ჟურნალისტებს, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მხოლოდ სახელით მიემართათ, და, შესაბამისად, არ მოეფიქრებინათ მეტსახელები.

2016 წელს, იმავე „ინტერნასიონალმა“ გაიფორმა 20 წლის ბიჭი, სახელად გოტეირა (წყლის წვეთი), მაგრამ წარადგინა ნამდვილი არასრული სახელით – ლეო ავილა. სხვადასხვა დროს „სან პაულუმ“ გააკეთა იგივე ფოგეტეს (რაკეტა), შუმბინიოსა (ბურთულა) და მარსელინიოს (ის ვარჯიშობდა საფეხბურთო სკოლა „მარსელინო კარიოკაში“) შემთხვევაში. ახლა მათ იცნობენ, როგორც ველინგტონ კაბრალს, მარინალდო და სილვასა და ლუკას მოურას.

მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი ტოსტაო (მონეტა) კატეგორიულად ეწინააღმდეგება მეტსახელების გაქრობას. ის ამაში გლობალიზაციას ადანაშაულებს:

„საინტერესოა, პელე რომ თავისი ნამდვილი სახელით ყოფილიყო ცნობილი, ასეთივე დიადი გახდებოდა? ალბათ, კი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნებოდა ასეთივე პოპულარული. დღეს, ბრაზილიაში უჩვენებენ ევროპული ლიგების მატჩებს: პრემიერლიგა, პრიმერა, ბუნდესლიგა, სერია A… იქ მოთამაშეთა უმრავლესობა საკუთარი გვარებს ატარებს და ჩვენც თანდათან ვიღებთ მათ კულტურას, თუმცა, არ მესმის, ეს როგორ შეიძლება დაგვეხმაროს. დადგა პოლიტკორექტულობის დრო. საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ მეტსახელები ქრება. ცუდი ის არის, რომ მოთამაშეებს იცნობენ ორსიტყვიანი სახელებით: ტიაგო სილვა, ტიაგო ნევესი, ტიაგო რიბეირო… მე მათ ვერ ვიმახსოვრებ. სამწუხაროდ… და როცა მეტსახელებზე და საკუთარ წარსულზე უარს ამბობენ კლუბები – ეს უკვე პრობლემაა, რომელიც ფსიქოლოგებმა უნდა შეისწავლონ.“