ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა მზად არის, პოლიციას ჩაბარდეს. ის კორუფციასა და ქრთამის აღებაშია ბრალდებული და 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ლულას მხარდასაჭერად ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი და წარსულში დისიდენტი დილმა რუსეფი მივიდა, რომელიც 2016 წელს იმპიჩმენტის შედეგად პარლამენტმა გადააყენა.
4 აპრილს ბრაზილიის სასამართლომ ლუის ინასიო ლულა და სილვას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ კორუფციის ბრალდების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს, თუმცა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მოლოდინი ლულას ციხეში მოუწევს. ლულამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ლულა ამტკიცებს, რომ ბრალდება მას პოლიტიკური სარჩულით წაუყენეს და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისთვის ხელის შეშლას ემსახურება.
წინასწარი გამოკითხვებით, ყოფილი პრეზიდენტის რეიტინგი სხვა კანდიდატებზე მაღალია.