ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს 12 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბრაზილიის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ლულა და სილვა კორუფციაში დამნასავედ ცნო და მას 12 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ორი სამშენებლო კომპანიისგან ქრთამის სახით საკუთარი ქალაქგარეთა სახლის სარემონტო სამუშაოები მიიღო, რაც კომპანიებს 235 ათასი დოლარი დაუჯდათ. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალი კიდევ 10 პირს აქვს წაყენებული, მათ შორის სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
ეს ბრაზილიის პრეზიდენტისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი უკვე მეორე განაჩენია. 2016 წელს მას კორუფციასა და ფულის გათეთრებისთვის 9,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2018 წლის იანვარში უზენაესმა სასამართლომ მისი პატიმრობის ვადა 12 წლამდე გაზარდა. ლულა და სილვამ სასჯელის მოხდა კურიტიბას ციხეში 2018 წლის აპრილში დაიწყო.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიზნად ისახავდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლას.
ლულა და სილვა პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით 2003-2011 წლებში იკავებდა. ბრაზილიის კანონმდებლობის თანახმად, პატიმრობის ვადები ჯამდება, თუ სასჯელის ვადა 30 წელს არ აღემატება.