ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილმა ვიზიტით მიმიწვია საქართველოში, აუცილებლად ვესტუმრები თბილისს
საგარეო საქმეთა მინისტრმა,ილია დარჩიაშვილმა მიმიწვია საქართველოში ვიზიტით, რასაც მაშინვე დავთანხმდი. დიდი სიამოვნებით ვესტუმრები თბილისს, – ამის შესახებ ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაურო ვიეირამ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ბრაზილიაში ვიზიტით იმყოფება.
როგორც ბრაზილიელმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს დიდი მომავალი აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით.
„ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს დიდი მომავალი აქვს. იმედი მაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას“, – განაცხადა მაურო ვიეირამ.
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
„ჩვენ წელს აღვნიშნავთ ორმხრივი ურთიერთობების 31 წლისთავს და გვინდა, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში ბრაზილიელი ვიზიტორების გაზრდის შესაძლებლობები, ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება, გავაძლიეროთ ურთიერთობები კულტურის სფეროში. ჩვენ ასევე გვაქვს მზარდი ორმხრივი ვაჭრობა, რაც მნიშვნელოვანია. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 25%-მდე გაიზარდა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ერთად არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ საერთაშორისო ფორმატებშიც“, – აღნიშნა მაურო ვიეირამ.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.