ბრაზილიის პრეზიდენტი სერგეი ლავროვს შეხვდა
ბრაზილიის პრეზიდენტი სერგეი ლავროვს შეხვდა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უმასპინძლა.

ლავროვი ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში იმყოფება.

ბრაზილიის მთავრობის ცნობით, მხარეებმა ორმხრივ საკითხებზე, „დიდი ოცეულის“ შეხვედრასა და გლობალურ პრობლემებზე ისაუბრეს.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაზილიის პრეზიდენტი მიიწვია რუსეთში, BRICS-ის სამიტზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ბრაზილიის მუდმივი ადგილისთვის გაერო-ს უშიშროების საბჭოში“, – აღნიშნულია ბრაზილიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლულამ მადლობა გადაუხადა ლავროვს მხარდაჭერისთვის და დაადასტურა, რომ ის რუსეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება.

„ლავროვმა ისაუბრა რუსეთის პოზიციების შესახებ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ლულამ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ბრაზილია მზად არის, ითანამშრომლოს მშვიდობის დამყარების მცდელობების საკითხზე“, – წერია განცხადებაში.