ბრაზილიის პრეზიდენტი - რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია, „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას
რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია, „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთსა და არაბეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი გამოწვეული იყო „ორი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით“.
„პრეზიდენტი პუტინი არ იჩენს ინიციატივას ომის შესაჩერებლად, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტი. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები კი განაგრძობენ საკუთარი როლის შესრულებას, ამიტომ მათ უნდა ვუთხრათ: კმარა“,- განაცხადა და სილვამ.
მისივე თქმით, „დიდი ოცეული“ შეიქმნა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასასრულებლად და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი „დიდი ოცეული“ შეიქმნას ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად.
ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, მან ეს ინიციატივა განიხილა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებთან.