ბრაზილიის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კონტროლის გაძლიერებას გეგმავს
ბრაზილიის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კონტროლის გაძლიერებას გეგმავს

ბრაზილიის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კონტროლის გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომლის ცნობითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგზე პასუხისმგებლობა ბრაზილიის მთავრობის მდივანს, კარლუშ დოს სანტოს კრუზს დაეკისრა.

კრუზის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს იმის განსაზღვრას, თუ რამდენად წარმატებით ავსებენ არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის მუშაობას. ამავე დროს, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მთავრობა არ გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას.

კრუზის თქმით, ბრაზილიის მთავრობის მიზანია, სახელმწიფო სახსრების გამოყენების ოპტიმიზება და იმ ადამიანებისთვის სარგებლის მოტანა, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი ბრაზილიის მთავრობის გეგმების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. როგორც ბრაზილიაში Amnesty International-ის წარმომადგენელი აცხადებს, ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ჟაირ ბოლსონარუს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევისკენ მიისწრაფის.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის გაძლიერება ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ერთ-ერთი პირველი განკარგულებაა. ბოლსონარუმ პრეზიდენტის ფიცი 2019 წლის იანვარში დადო.