ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო - „კოვიდ-19“-ის საერთო მონაცემებს აღარ გავასაჯაროებთ, საიტზე მხოლოდ ბოლო 24 საათში განახლებული მონაცემები დაიდება
ბრაზილიაში, სადაც „კოვიდ-19“-ის 640 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 36 000-ს უახლოვდება, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საერთო მონაცემებს აღარ გაასაჯაროებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამიერიდან საიტზე მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში განახლებული მონაცემები დაიდება.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, საერთო მონაცემები ბრაზილიაში არსებულ რეალურ სურათს არ ასახავს. გასულ დღეებში ბოლსონარომ ასევე გააკრიტიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც და მას პარტიზანული პოლიტიკური ორგანიზაცია უწოდა.
ბრაზილია „კოვიდ-19“-ის შემთხვევებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამერიკის შემდეგ.