ბრაზილიის გრანპრის პოული ბოტასმა მოიპოვა, ჰემილტონმა მანქანა დაამტვრია
სან პაულუს ტრასაზე ფორმულა 1-ში ბრაზილიის გრანპრის კვალიფიკაცია დასრულდა. კვირას, ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპს პირველი პოზიციიდან დაიწყებს “მერსედესის” პილოტი ვალტერი ბოტასი. ეს ფინელის მესამე პოულია კარიერაში. ბოტასთან მხოლოდ 0.038 წამი წააგო “ფერარის” წევრმა სებასტიან ფეტელმა. მესამე იქნება სტარტზე “ფერარის” კიდევ ერთი პილოტი, ფინელი კიმი რაიკონენი.
რაც შეეხება ამ სეზონის ჩემპიონს ლუის ჰემილტონს, “მერსედესის” ლიდერმა კვალიფიკაციის დასაწყისშივე დაამტვრია მანქანა და ჩასათვლელი დროის გარეშე დარჩა. ასე რომ, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ბოლო ადგილიდან აიღებს სტარტს.
ჩემპიონატის დარჩენილ ორ რბოლაში მთავარი ინტრიგა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილისთვის ბრძოლაა. ფეტელი ბოტასს 14 ქულას უგებს და კვირას, მათი ბრძოლა სტარტიდანვე საინტერესო უნდა გამოვიდეს.