ბრაზილიაში ნაპოვნი უცნაური ძაღლი მელიისა და ძაღლის ნაჯვარი აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება
ბრაზილიაში, ერთი მიუსაფარი ძაღლი სრულიად ახალი ჯიშის მშვენება აღმოჩნდა. გენეტიკური კვლევის მიხედვით, ძუ ცხოველი დიდი ალბათობით პირველი ამ სახის არსებაა — სამხრეთამერიკული პამპასის მელიისა და ძაღლის ჰიბრიდი.
თავდაპირველად, მისმა გარეგნობამ და ქცევებმა მეცნიერები დააბნია. ცხოველი საერთოდ არ ჰგავდა არც ერთ სხვა ძაღლისებრს, რომელიც იქამდე ენახათ. იყეფებოდა ძაღლივით, თვალებით და მუქი ბალნითაც ძაღლს ჰგავდა, მაგრამ მისი წვეტიანი ყურები და გრძელი დინგი სულ სხვა რამეზე მეტყველებდა.
არც ძაღლის საკვებს ჭამდა, მხოლოდ ვირთხებს მიირთმევდა.
„არც ძაღლივით მორჩილი იყო, მაგრამ არც აგრესიული, რაც ველური ძაღლისებრისგან არის მოსალოდნელი ხელში აყვანისას“, — ამბობს კონსერვაციონისტი, რომელიც ამ არსებას უვლიდა.
უცნაური არსება 2021 წელს რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის ქალაქ ვაკარიაში აღმოაჩინეს. მანქანის დაჯახების შედეგად მძიმედ იყო დაზიანებული. სამკურნალოდ რიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტის გარეულ ცხოველთა კონსერვაციისა და მკურნალობის ცენტრში გადაიყვანეს.
სამხრეთ ამერიკის ამ რეგიონში ძაღლისებრთა ოთხი სახეობაა გავრცელებული; გადარჩენილი ცხოველი არცერთ მათგანს არ დაემთხვა არც ვიზუალით და არც გენეტიკით.
ადგილობრივ ბუჩქის ძაღლებს (Speothos venaticus) აქვთ პატარა, მრგვალი ყურები, მოკლე ფეხები და ყავისფერი ბეწვი.
ფაფრიანი მგელი (Chrysocyon brachyurus) საკმაოდ მაღალია, გრძელი ფეხებითა და ყურებით, აქვს მოწითალო-მოყავისფრო ბეწვი.
გადარჩენილი ცხოველი ვიზუალით ყველაზე მეტად ჰგავდა კიბორჩხალაჭამია მელას (Cerdocyon thous) და პამპასის მელას (Lycalopex gymnocercus), მაგრამ მათი ბეწვი უფრო ღია ფერისაა. სახელის მიუხედავად, არცერთი ეს ცხოველი ევროპული მელას ახლო ნათესავი არაა და უფრო მეტად ძაღლებს ენათესავებიან.
ვინაიდან არცერთ ამ სახეობას არ ემთხვეოდა, ბრაზილიელმა მკვლევრებმა იეჭვეს, ხომ არ ჰქონდათ საქმე ნაჯვართან.
როგორც გენეტიკურმა მტკიცებულებამ მიუთითა, მათ წინაშე სწორედ ასეთი არსება იყო, უფრო მეტიც, პამპასის მელისა და შინაური ძაღლის ნაჯვარი — უკიდურესად იშვიათი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი ორი სახეობა შეჯვარებით შთამომავლობას იძლევა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სახეობა ერთმანეთისგან დაახლოებით 6,7 მილიონი წლის წინ გაიყო და დღეს სხვადასხვა გვარს მიეკუთვნებიან, ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ მათ დღემდე შეუძლიათ ცოცხალი ჰიბრიდების გაჩენა“, — წერენ მკვლევრები.
გადარჩენილ ცხოველს ჯამში 76 ქრომოსომა აღმოაჩნდა, რომლებიც ვიზუალურად შინაური ძაღლის და პამპასის მელას ქრომოსომებს ჰგავდა.
გარდა ამისა, პამპასის მელას 37 წყვილი ქრომოსომა აქვს, რომლებიც ძაღლის გენომთან შეიძლება 38 წყვილად გადალაგდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ის მაინც არაა იგივე, რაც ძაღლის 39 წყვილი, გენეტიკურმა მსგავსებებმა შესაძლოა დაუშვას დნმ-ის იშვიათი კომბინაციები, რომლებიც რეალურად მუშაობს.
გადარჩენილ ძაღლისებრს ასევე აქვს ორი სხვადასხვა მორფოლოგიის ორი X ქრომოსომა, რაც მიუთითებს, რომ ისინი ორი სხვადასხვა სახეობიდან მომდინარეობს.
ამ არსების მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზები (რაც მხოლოდ მხოლოდ დედის მხრიდან გადაეცემა) მიუთითებს, რომ დედამისი პამპასის მელა უნდა ყოფილიყო, მამა კი ძაღლი.
„არ გვაქვს იმის სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ამ რეგიონში სხვა ჰიბრიდებიც არიან, მაგრამ ვეჭვობთ, რომ ეს შემთხვევა ერთადერთი არ იქნება“, — ამბობს მკვლევარი ბრუნა შინველსკი.
მისივე განცხადებით, 2019 წელს ბიოლოგმა ჰერბერტ ჰესმა ბუნებაში უჩვეულო ფენოტიპის ორი ცხოველი შენიშნა და სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ 2021 წელს ნაპოვნი ჰიბრიდი იყო.
სამწუხაროდ, უჩვეულო არსების ამბავი ბოლოს ცუდად დასრულდა. ჭრილობების მოშუშების შედეგ, ძაღლისა და მელის ნაჯვარი ზოოპარკში მოკვდა გაურკვეველ მიზეზთა გამო.
The Telegraph-ის ცნობით, შესაბამისი უწყებები მისი სიკვდილის მიზეზს ახლა სწავლობენ.
კვლევა ჟურნალ Animals-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The Telegraph-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.