ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 45 400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთ დღეში, ბრაზილიაში კორონავირუსულ ინფექციას 1 322 ადამიანი ემსხვერპლა.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოწვეული ინფექციით 76 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1.3 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.
ინფექციის გავრცელების ყველაზე მასშტაბური კერა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონშია, რომელიც სან-პაულუს, რიო-დე-ჟანეიროს, ესპრიტუ-სანტუს და მინას ჟერაისის შტატებს მოიცავს. ბრაზილია, სადაც კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ „კოვიდ-19“-სგან ყველაზე მეტად არის დაზარალებული.