ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულია 70-ზე მეტი
ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულია 70-ზე მეტი.
სტიქია ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონს დაატყდა თავს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო 25 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
წყალდიდობამ ურუგვაისა და არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარე შტატის 497 ქალაქს მიაყენა ზიანი. რამდენიმე რეგიონში დანგრეულია გზები და ხიდები. უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გამოიწვია. ერთ-ერთ ქალაქში ელექტროსადგურის კაშხალი გაირღვა. დატბორილია რიო გრანდე დუ სოლის შტატის დედაქალაქი პორტო ალეგრეც. გაურკვეველი ვადით შეჩერებულია აეროპორტის მუშაობა.
ვარაუდობენ, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. სინოპტიკოსები რეგიონში წვიმას კიდევ პროგნოზირებენ, რის გამოც ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, დატოვონ ის დასახლებები, რომლებიც სახიფათო ზონებში მდებარეობს.