ბრაზილიაში დღეს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და გუბერნატორების არჩევნები ტარდება
ბრაზილიაში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ. ქვეყნის მეთაურის თანამდებობის დაკავების ყველაზე დიდი შანსი „სოციალისტური პარტიის“ ლიდერ ჟაირ ბოლსონარუს აქვს. კვლევების მიხედვით, მას მხარს ამომრჩეველთა 35% უჭერს.
ულტრამემარჯვენე ბოლსონარუს მედია „ბრაზილეიელ ტრამპს“ უწოდებს. ის ცნობილია თავისი მკაცრი და ხშირად არაპოლიტკორექტული განცხადებებით ქალებისა და LGBT თემის წარმომადგენელთა მიმართ. მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება კრიმინალთან ხისტი ბრძოლაა.
მეორე ადგილს ფერნანდუ ადადს უწინასწარმეტყველებენ. მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე მას შემდეგ დააყენეს, რაც ბრაზილიის ყოფილი ლიდერი ინასიო ლულა და სილვა საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს გამოეთიშა. და სილვა ციხეში იმყოფება და სასჯელს კორუფციის ბრალდებით იხდის. მის მოკავშირე ფერნანდუ ადადის პრეზიდენტობას ამომრჩეველთა 22% ემხრობა.
რეიტინგში მესამე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი სირუ გომესი და სან პაულუს ყოფილი გუბერნატორი ჟერარდუ ალკმინია.
არჩევნებში მონაწილეობა 147 მილიონ მოქალაქეს შეუძლია. პრეზიდენტის გარდა ბრაზილიელები დღეს საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას და გუბერნატორებს აირჩევენ.