ბრაზილიაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თანამდებობა მეორე ჯანდაცვის მინისტრმა დატოვა
ბრაზილიაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თანამდებობა მეორე ჯანდაცვის მინისტრმა დატოვა.
ნელსონ ტეიჩიმ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ერთ თვეზე ნალები ხნის წინ დაინიშნა, პრეზიდენტთან უთანხმოების გამო გადადგომის შესახებ განაცხადა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ სილამაზის სალონები და სპორტული დარბაზები ღია იქნება ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად. როგორც ტეიჩიმ განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაუვლიათ.
ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერი“ და „ბიბისი“ იტყობინებიან, ჯანდაცვის მინისტრსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს „ჰიდროქსიქლოროქინით“ მკურნალობა წარმოადგენს.
პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას ემხრობა, ნელსონ ტაიჩი კი ეწინააღმდეგება.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ნელსონ ტაიჩი ჯანდაცვის მინისტრად აპრილის შუა რიცხვებში მას შემდეგ წარადგინა, რაც აღნიშნული თანამდებობიდან ნელსონ მანდეტა გაათავისუფლა, რომელთანაც კორონავირუსთან გამკლავების გზებთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა.
ბრაზილიაში ლათინურ ამერიკის რეგიონის ქვეყნებს შორის კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 200 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 13 933 ადამიანი. აქედან 844 ინფიცირებული ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა.
ამის მიუხედავად, ბრაზილიის პრეზიდენტი კარანტინის წინააღმდეგია და ბრაზილიელებს შეზღუდვების იგნორირებისკენ მოუწოდებს.