ბრაზილიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 730 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 10 მაისის მონაცემებით, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რაოდენობა 10 627-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში, საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 155 939 შემთხვევაა დადასტურებული.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მეცნიერები შიშობენ, რომ არასრული ტესტირების გამო ინფიცირების რაოდენობა შესაძლოა, 20 პროცენტით მაღალი იყოს. „როიტერი“ წერს, რომ საკარანტინო ზომებისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების გამო, ბრაზილიის პრეზიდენტი კრიტიკის ობიექტი გახდა.