ბრაზილიაში ამაზონის ტყე რეკორდული სისწრაფით იწვის. ამის შესახებ „ბიბისი“ ბრაზილიის კოსმოსური სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მასშტაბური ხანძარი ამაზონასის და რორაიმას შტატებში მძვინვარებს.
რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ძლიერი ხანძრის გამო 19 აგვისტოს ქალაქი სან პაულო რამდენიმე საათით კვამლით დაიფარა. „ბიბისის“ ცნობით, სტიქიის ზონა ქალაქ სან პაულოდან 2700 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ბრაზილიის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, 2019 წლის განმავლობაში 72 ათასი ხანძარი დაფიქსირდა. რაც აღრიცხვის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ქვეყანაში მშრალი პერიოდია, ამ დროს კი ტყის ხანძარი ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა კოსმოსური სააგენტო ინფორმაციით, 2019 წლის მაჩვენებელი ჩვეულებრივ მაჩვენებელს აღემატება.
მსოფლიოში უდიდესი ტროპიკული ტყე, ამაზონი ჟანგბადის ყველაზე მასშტაბურ მარაგს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც გლობალური დათბობის ტემპის შელენება ხდება. ტყის ხანძართან ერთად ამაზონის ჯუნგლებს სხვა საფრთხეც ემუქრება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ტყის უკანონო გაჩეხვაა.
როგორც უფლებადამცველები იუწყებიან, ამის აღსაკვეთად შესაბამისად მკაცრი კანონი არ არსებობს.