ბრალდებულს, რომელსაც შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბარი ან ამოწურული აქვს სატელეფონო ლიმიტები, უფლება ექნება, წერილობით მიმართოს დაწესებულებას, რომ შეხვედრის თაობაზე ადვოკატს აცნობონ
ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, ასევე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები (თვეში სამი ზარი), უფლება ექნება, წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. შესაბამისი ცვლილებები „პატიმრობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია.
ცვლილებების მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.
ამასთან, პენიტენციური დაწესებულებას ასევე ექნება ვალდებულება უზრუნველყოს, რომ ადრესატს ჰქონდეს შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება მისთვის შეტყობინების გაგზავნა ან განსაზღვროს ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნისთვის.
ცვლილებებით, იუსტიციის მინისტრმა კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უნდა განსაზღვროს ადვოკატისთვის შეტყობინების განხორციელების წესი და პირობები. კომიტეტის ინფორმაციით, 2016 წელს წელს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა გამომძიებლისა ან პროკურორის დადგენილებით გამოყენებული იყო 229, 2017 წელს – 343, 2018 წელს – 650, 2019 წელს – 816, 2020 წელს – 509, ხოლო 2021 წელს – 481 ბრალდებულის მიმართ.
აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.