ბრალდებულები და მსჯავრდებულები ელექტრონულ პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები ამიერიდან მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ, რადგან პენიტენციურ დაწესებულებებში ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები და მსჯავრდებულები ელექტრონულ პირადობის მოწმობებს (ID) უფასოდ აიღებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დღემდე გამონაკლისის სახით ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებზე ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის გაცემა.
იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, 2019 წლის 19 თებერვლიდან აღნიშნული გამონაკლისი გაუქმდა. ამასთან, შემოღებულ იქნა წესი, რომლის თანახმადაც, პირადობის ელექტრონულ (ID) მოწმობებს ბრალდებულები და მსჯავრდებულები უფასოდ მიიღებენ. ისინი პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად საჭირო მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან ერთჯერადად გათავისუფლდებიან.
იუსტიციის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა უვადოა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება.
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულები და მსჯავრდებულები საფასურისგან იმ შემთხვევაშია გათავისუფლდებიან: თუ პირველად იღებენ ან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას თან არ აღმოაჩნდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა; თუ მათ სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის მიმართვის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მივა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად აუცილებელ ყველა პროცედურას ადგილზე გაივლის.
დღევანდელი მონაცემით, პირადობის დამადასტურებელ თანამედროვე დოკუმენტს საქართველოს 2 850 000-ზე მეტი მოქალაქე ფლობს.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში განხორციელებული აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ქაღალდის პირადობის მოწმობის გაცემის შემდეგი საგამონაკლისო შემთხვევები რჩება ძალაში:
ა) პირს მძიმე ავადმყოფობის გამო ნების გამოხატვა არ შეუძლია და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით-დოკუმენტით);
ბ) სერვისების განვითარების სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მაგ: მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობის მიწოდება,გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან და დაინტერესებული პირისათვის;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – ასევე მშობელი, მშვილებელი);
დ) პირი, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით, იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში – ასევე მშობელი,მშვილებელი).