სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა ცოცხალ მარტორქებს რქაში რადიოაქტიური ნივთიერება შეუყვანეს, რათა ის უფრო ადვილად დასაფიქსირებელი გახდეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში. მასშტაბური პროექტის მიზანი ბრაკონიერობასთან ბრძოლაა.
სწორედ ამ ქვეყანაში ბინადრობს მსოფლიოში დარჩენილ მარტორქათა უდიდესი ნაწილი და შესაბამისად, ბრაკონიერობის ცხელი წერტილიც არის. რქაზე მოთხოვნა ძირითადად აზიიდან არის, სადაც მას ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ სამკურნალოდ.
ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ვატერბერგის რეგიონში, ლიმპოპოს მარტორქათა ნაკრძალში რამდენიმე მარტორქა ბინადრობს. ინიციატივის ავტორმა, ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჯეიმს ლარკინმა მათ რქებში ორ-ორი პატარა რადიოაქტიური ჩიპი ჩაუყენა.
რადიოაქტიური მასალა რქას გამოუსადეგარს ხდის, განსაკუთრებით მომწამლავს ადამიანისთვის.
პროცედურის დროს მარტორქები დააძინეს და მათ საერთოდ არაფერი უგრძნიათ.
ლარკინის განცხადებით, რადიოაქტიური მასალის დოზა იმდენად დაბალია, რომ გავლენას ვერ მოახდენს ცხოველის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე.
თებერვალში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, 2023 წელს ბრაკონიერებმა 499 მარტორქა მოკლეს, თანაც ძირითადად სახელმწიფო პარკებში. ეს რიცხვი 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11 პროცენტით იყო გაზრდილი.
საპილოტე პროექტ Rhisotope-ის მონაწილე ჯამში ოცი მარტორქა იქნება; მათ რქებში შეუყვანენ რადიოაქტიური ნივთიერების ისეთ დოზას, რომლის დაფიქსირებასაც გლობალურად სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე დამონტაჟებული დეტექტორები შეძლებს; ეს დეტექტორები ყველა ასეთ პუნქტზეა განთავსებული ბირთვული ტერორიზმის აღსაკვეთად.
მარტორქის რქა შავ ბაზარზე ძვირად ფასობს, სადაც მას თითქმის ოქროსა და კოკაინის ფასი აქვს.
მარტორქების გამრავლების ერთ-ერთი პარკის დამფუძნებლის, არი ფონ-დევენტერის განცხადებით, ბრაკონიერების შეჩერება ვერც მარტორქებისათვის რქების დაჭრამ ან ამ რქების მოწამვლამ შეძლო.
„იქნებ ეს სწორედ ისაა, რაც მათ შეაჩერებს. საუკეთესო იდეაა, რაც კი ოდესმე მსმენია“, — ამბობს იგი.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაახლოებით 15 000 მარტორქა ბინადრობს.
ექსპერიმენტის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფი მარტორქების სისხლის ნიმუშებს აიღებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი სათანადოდ არიან დაცული.
რქაში შეყვანილი რადიოაქტიური მასალა ხუთ წელიწადს გაძლებს, რაც გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ყოველ 18 თვეში ერთხელ რქების მოჭრა.