ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა
3-5 ივნისს საქართველოს ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი უნითი დოუ ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბოტსვანის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას შეხვდება.
უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ბოტსვანის დელეგაცია ასევე მოინახულებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.
„ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.