დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, ტურინის სამეფო მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერითა და საქართველოში იტალიის საელჩოს კოორდინირებით, სანდრო ბოტიჩელის სურათი „ვენერა“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში კვირაზე მეტხანს რჩება. გამოფენა სანდრო ბოტიჩელი – სილამაზე კარავაჯო – სინათლე 5 ოქტომბერს გაიხსნა და 29 ოქტომბერს დაიხურა, თუმცა ცნობილი ხდება რომ მხარეებს შორის შეთანხმების შემდეგ, ბოტიჩელის ვენერა საქართველოში კვირაზე მეტხანს დარჩება.
სანდრო ბოტიჩელის სურათი „ვენერა” 1930 წლიდან ტურინის ,,გალერეა საბაუდას” კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი კიდევ ორი ,,ვენერაა” შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე – ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება.
საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას” მუქ ფონზე გამოსახავს. „ვენერას” აღნიშნული ნიმუში რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის – გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა.