ბოტანიკურ ბაღში მეტყევის დღე აღინიშნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა, სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, თორნიკე გვაზავამ სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა.
დამსახურებულ მეტყევეებთან ერთად, მადლობის სიგელი გადაეცათ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ გუნდის ხელმძღვანელს ბენედიქტ იბელეს და ერიხ მისს – პროგრამის თანამშრომელს, სატყეო განათლების განვითარების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისათვის.
დაჯილდოების ცერემონიალს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კაჭრეთის პროფესიული საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ სატყეო დარგის სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება. 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო. დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი. რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.