საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ მესამედ ჩატარდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.
მათივე ცნობით, ფესტივალი თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნება, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკოლური ანსამბლი შექმნის.
დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში, ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავს. ასევე, გამოიფინება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული. „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნოს და თემატურ გათამაშებებში ჩაერთოს. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს გიორგი ცხადაძის ბენდი. ღონისძიება 12:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.