„ნბა“-ს მიმდინარე რეგულარულ სეზონში, შესანიშნავ თამაშს განაგრძობს ბოსტონ „სელტიქსი“. ბრედ სტივენსის გუნდმა, დღეს დილით ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა.
ბოსტონელებმა, აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი, ატლანტა „ჰოქსი“ მისსავე „ფილიპს არენაზე“ ანგარიშით 107-103 დაამარცხეს. „სელტიქსში გადასვლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა, კაირი ირვინგმა, რომელმაც 35 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა აქტივში. რაც ყველაზე მთავარია, ბოსტონის უკანახაზელმა, გადამწყვეტ მომენტებში ჩააგდო საჭირო ბურთები. კარგი თამაში ჰქონდა ჯეისონ ტატუმს. ახალგაზრდა ფორვარდის ანგარიშზე, 21 ქულა და 8 მოხსნაა.
უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის ბოლო წამებამდე დაძაბული გამოდგა. მასპინძლებს რამდენიმე ეპიზოდში, ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ. ატლანტელთა შემადგენლობაში, 23 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა დენის შრიოდერმა. 19-19 ქულა გააკეთეს, დევეინ დედმონდმა მარკო ბელინელიმ. „ჰოქსი“ აღმოსავლეთში, ბოლო პოზიციაზეა. ბოსტონ „სელტიქსი“ კი ამავე კონფერენციაში, დამაჯერებლად ლიდერობს.
მომდევნო შეხვედრას, სტვენსის გუნდი, საკუთარ „თი დი გარდენში“ ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. დღეს დილით გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში, ფინიქს „სანზმა“ საკუთარ მოედანზე, ბრუკლინ „ნეტსთან“ 92-98 წააგო.