ბოსნია-ხორვატიის საზღვარზე პოლიციამ მიგრანტებით სავსე ფურგონს ცეცხლი გაუხსნა
ხორვატიის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მიგრანტებით სავსე ფურგონს, რომელმაც ბოსნიიდან საზღვრის გადაკვეთა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ცეცხლის გახსნის შედეგად მანქანა ავარიაში მოყვა. დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.
ხორვატიის პოლიციის განცხადებით, ფურგონმა საზღვარი უკანონოდ გაარღვია. მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ბოსნიელია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„რამდენიმე გაფრთხილების მიუხედავად, მძღოლი არ გაჩერდა. მან ბლოკპოსტი გაიარა და პოლიციისკენ გაემართა. პოლიციის რეაქცია გამართლებული იყო, ისინი იძულებულები იყვნენ, ცეცხლი გაეხსნათ, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“ , -განაცხადა ქალაქ ზადარის პოლიციის უფროსმა რანკო დრაზინამ.
სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, ფურგონში 29 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ავღანელი და ერაყელი მიგრანტები არიან.