ბოსნია-ჰერცეგოვინის დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობა
ბოსნია-ჰერცეგოვინის დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას ეცნობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ბოსნია-ჰერცეგოვინის დელეგაციას მასპინძლობს. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ბოსნია-ჰერცეგოვინის საარჩევნო ადმინისტრაციის, საპარლამენტო ასამბლეისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფება.

სასწავლო-სამუშაო შეხვედრა „საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში – არსებული გამოცდილება“ დღეს ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, ბოსნია-ჰერცეგოვინის საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ირენა ჰადჯიაბდიჩმა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ეუთო-ს მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა, აჰმედ რიფატბეგოვიჩმა გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება.

„საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან, ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებაში საერთაშორისო მხრიდან მაღალია ინტერესი, რასაც ადასტურებს ჩვენი გამოცდილების გაზიარების მიზნით განხორციელებული არაერთი სასწავლო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, ეუთო-ს ეგიდით, ვმასპინძლობთ ბოსნია-ჰერცეგოვინის დელეგაციას. გვაქვს შესაძლებლობა, გავუზიაროთ მათ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება როგორც ტექნოლოგიების გამოყენებასთან, ასევე სხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მიმოვცვალოთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო სიახლეებისა და პროცედურების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების განვითარებას ჩვენს ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საქმიანობის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო აღიარებაზე და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაგროვებულ სოლიდურ გამოცდილებაზე, რაც არის მომავალში არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების წინაპირობა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ირენა ჰადჯიაბდიჩმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების თანამშრომლობა მრავალი წლის წინ დაიწყო.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით კონფერენციების დროს, ვიზიარებთ ერთმანეთის ცოდნასა და გამოცდილებას. ვსწავლობთ საქართველოს გამოცდილებას, რადგან ის ერთ-ერთი პირველია აღმოსავლეთ ევროპაში და განათლების ღია ცენტრს წარმოადგენს. ეს გაკვეთილები ჩვენთვის ღირებულია. ამჯერად საქართველოში ვიმყოფებით იმ მიზეზით, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სისტემის რეფორმას და ბოსნია-ჰერცეგოვინას პირველად უწევს ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის პილოტირება. საქართველომ ელექტრონული ტექნოლოგიის პროექტის პილოტირება განახორციელა, ვიდრე იგი ფართო მასშტაბით გამოიყენა. ჩვენ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გავიგოთ, თუ რა იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტრადიციული საარჩევნო სისტემის ჩანაცვლებისას, როგორი იყო ახალი ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი ეფექტები, რა უნდა გავითვალისწინოთ სიახლის დანერგვისას ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოვიპოვოთ ნდობა ამომრჩევლებში და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ირენა ჰადჯიაბდიჩმა.

საქართველოს საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა ეუთო-ს მისიის პოლიტიკურმა მრჩეველმა, აჰმედ რიფატბეგოვიჩმა.

„სხვადასხვა დონორის მხარდაჭერით, ეუთო-ს მისია ბოსნია-ჰერცეგოვინაში ახორციელებს პროექტს, რომელიც არჩევნების მთლიანობას ისახავს მიზნად 2024-2026 წლებში. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში ჩვენი კოლეგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის დელეგაციისთვის საქართველოში ვიზიტი განგვეხორციელებინა, რათა მათ შეესწავლათ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ახალი ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, გავეცნოთ, როგორ ხდება საარჩევნო ბიულეტენების სკანირება და ბიულეტენების ელექტრონული დათვლა. ველით ამ ყოველივეს პილოტირებას ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც 2024 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაიმართება“, – განაცხადა აჰმედ რიფატბეგოვიჩმა.

სასწავლო ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები დელეგაციის წევრებს გაუზიარებენ ინფორმაციას საკანონმდებლო სიახლეების, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის შესახებ, ვიზიტის მეორე დღეს კი ისინი საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობას გაეცნობიან.

ბოსნია-ჰერცეგოვინის დელეგაციის სასწავლო ვიზიტი საქართველოში ეუთო-ს ეგიდით ხორციელდება.