ბორჯომში ორი ბინის გაქურდვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს
ბორჯომში ორი ბინის გაქურდვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.გ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში ქალაქ ბორჯომში, ხანძთელისა და შანიძის ქუჩებზე ორი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები გაქურდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ აღნიშნული საცხოვრებელი ბინებიდან მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.