ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბორჯომში ორი არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს, დღის მეორე ნახევარში მიიღო.
„სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში“, – აცხადებენ უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონების მობილური ტელეფონები ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ორი არასრულწლოვანი გოგონა სახლიდან დღეს დილით გავიდა და მას შემდეგ მათი ადგილსამყოფელი უცნობია.