ბორჯომში კავალერიის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი დასრულდა.
„მე-19 საუკუნეში აშენებულ შენობას რესტავრაცია აუთენტურობის სრული დაცვით ჩაუტარდა. შენობა შეიძენს ახალ ფუნქციას, რითაც თამამად უპასუხებს საზოგადოებრივად საინტერესო სამუზეუმო-საგამოფენო სივრცის მოთხოვნებს, ხოლო ბორჯომელებისა და დამსვენებლებისთვის გაჩნდება კიდევ ერთი საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრი“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში „კავალერიის შენობის“ დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბორჯომში, კოსტავას სახელობის პარკში მდებარე, ეგრეთ წოდებული კავალერიის შენობის რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტი მოიცავდა შენობის სრული რეაბილიტაციისა და სამუზეუმო სივრცედ ადაპტაციის სამუშაოებს. აღდგენილ შენობაში მოეწყო საექსპოზიციო დარბაზები, რომელშიც განთავსდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის ფონდში დაცული ექსპონატების ნაწილი.
გოთიკური სტილის კავალერიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. შენობა აგებულია ბუნებრივი ქვით, აგურითა და ხით. რეაბილიტაციამდე, შენობა დაზიანებული. მისი უკანა ნაწილი ნაწილობრივ დანგრეული, სართულშუა გადახურვები და ინტერიერი კი სრულად განადგურებული იყო. სამუშაოების შესრულებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ინოვაციური მიდგომებით, შენობის კულტურული ღირებულების და ავთენტურობის მაქსიმალურ შენარჩუნებას. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის 2.8 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ირაკლი ქარსელაძე კავალერიის შენობის მიმდებარე, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, პროგრამიდან „განახლებული რეგიონები“ მიღებული დაფინანსებით, ახორციელებს. სამუშაოები საბავშვო სივრცეების, ამფითეატრის, შადრევნის, საფეხმავლო ბილიკებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.