„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მეორე დღეა, აქციას მართავენ. ისინი ქარხანასთან არიან შეკრებილები. შეწყვეტილია სამუშაო პროცესიც.
კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.
„ორივე ქარხანა გაჩერებულია. ჩემი ინფორმაციით „ბორჯომის“ ორივე ქარხანა დაკეტილია. არც ერთი სატვირთო ქარხანაში არ შესულა და ქარხანას პროდუქცია არ გაუტანია დისტრიბუციაზე. იქამდე დავრჩებით აქ, ვიდრე დამსაქმებელი შეთანხმებაზე არ წამოვა. როგორც ინფორმაცია მაქვს, 12:00 საათზე ადგილობრივი მენეჯმენტი დაუკავშირდება საზღვარგარეთ დამფუძნებლებს, რათა შედგეს მოლაპარაკება სოციალური პაკეტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. თანახმა თუ იქნებიან, სავარაუდოდ ჩვენთან შეხვედრა დაიგეგმება. უკვე სამი თვეა, ეს პროცესი მიმდინარეობს, გვქონდა მოლაპარაკება სამედიაციო ფორმატშიც, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ყველა თანამშრომელი, რომელიც საქმეს უნდა აკეთებდეს, რათა კომპანიამ იფუნქციონიროს, გაფიცულია“, – განაცხადა აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ.