„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ. დილიდან სამუშაო პროცესი შეწყვეტილია. „ბორჯომის“ პირველი და ბორჯომის მეორე ჩამომსხმელი ქარხნის გაფიცული თანამშრომლები ქარხანასთან არიან შეკრებილი.

კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21-დღიანი მედიაცია მიმდინარეობდა, რომელიც მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა, რის შემდეგაც დასაქმებულებმა კანონიერი გაფიცვა დაიწყეს.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ. ქარხნის მუშები ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან მოხდა ხელფასების შემცირება, ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით მათი ხელფასები თითქმის 50%-ით შემცირდა.

ცოტა ხნის წინ, კომპანია „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაფიცულებმა გააფრთხილეს ქარხნის ადმინისტრაცია, რომ დაპირისპირებას გამოიწვევს კომპანიის მხრიდან მცდელობა, ქარხანაში გაფიცული თანამშრომლების ადგილზე სხვები შეიყვანოს. ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს გამოიწვევს დაპირისპირებას, რაზეც კომპანიას დაეკისრება პასუხისმგებლობა.

„ღირსეული შრომის პირობებისთვის ბრძოლას ვიწყებთ. ვითხოვთ ხელფასების მატებას და ღირსეულ მოპყრობას. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე მეტს, ვიდრე ეს კანონითა გათვალისწინებული. არ გვაქვს დასვენების დღეები. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება არ ხდება. უნდა მოხდეს დამატებით მუშახელის აყვანა, რადგან იმაზე მეტი მუშაობა გვიწევს, ვიდრე ეს კანონითაა განსაზღვრული. კომპანიამ შეგვიმცირა ხელფასები და ამას ინფლაცია დაემატა, სადღაც 200 ლარამდე მოგვაკლდა და ეს არაა ცოტა. ჩვენ შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს და ვუთხარით, რომ მათი მცდელობა, სხვა მუშახელი შემოყვანა, გამოიწვევდა დაპირისპირებას და ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება. კომპანიაში გვითხრეს, რომ ახალი თანამშრომლების აყვანას არ აპირებენ და ეს ადამიანები იყვნენ რეზერვი“, – განაცხადა აქციის მონაწილე ალეკო სტეფანიანმა.

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან იყო მედიაციის პროცესიც და მოლაპარაკებაც.

„ეს რომ უშედეგოდ დასრულდა, დასაქმებულები მივიდნენ გაფიცვამდე. აქ საუბარია ხელფასების მატებაზე, ღირსეულ შრომით პირობებზე და ღირსეულ დამოკიდებულებაზე. დღესაც, ჩვენ რომ აქ ვდგავართ, ურეკავენ ადმინისტრაციიდან დასაქმებულებს და აშინებენ გათავისუფლებით. არის მუქარისა და ზეწოლის ფაქტები. არიან ადამიანებს, რომლებსაც წლებია, ერთი დღე არ დაუსვენიათ. ერთ ადამიანს ასრულებდნენ სამი და ოთხი ადამიანის სამუშაოს. ესაა გაუსაძლისი მოპყრობა. ხელშეკრულებაში უწერიათ სამუშაო საათები, თუმცა ეს ადამიანები ვერც შესვენების და ვერც დასვენების უფლებას ვერ იყენებენ. მათი შრომითი უფლებები ირღვევა. ადმინისტრაცია ცდილობს, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანოს ადამიანები და აქ დაასაქმოს. მოჰყავთ ადამიანები მიკროავტობუსებით. მათ არ იციან, რომ აქ გაფიცვაა. ეს ადამიანები გამოვიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს გაფიცულებს. გაფიცულებმა გააფრთხილეს ადმინისტრაცია, რომ ეს გამოიწვევს დაპირისპირებას და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას“, – აცხადებს გიორგი დიასამიძე.