ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ სამუშაო პროცესი განაახლა.
როგორც პირველ არხთან თანამშრომლები აცხადებენ, სამსახურში ყველა გამოცხადდა და მოქალაქეების მიღება განახლდა.
რაც შეხება რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას, როგორც ბორჯომის მერი აცხადებს, სხდომის მოთხოვნით განაცხადი საკრებულოში დღის განმავლობაში შევა, თუმცა ლევან ლიპარტიასთვის უცნობია, როდის ჩანიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე სხდომას.
შეგახსენებთ, ბორჯომში ვითარება 28 თებერვალს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხდომაზე მერისა და მერიის თანამშრომლებს საშტატო ნუსხა და ხელფასების გაზრდის საკითხი, დეპუტატებმა მეექვსედ არ დაამტკიცეს. ამის გამო მერიის თანამშრომლებმა სამუშაო პროცესი შეწყვიტეს, მეორე დღეს კი საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვდნენ.