ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე წიწვოვანი სახეობის ნერგები დარგეს
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეემა სიმბოლურად წიწვოვანი სახეობის ნერგები დარგეს.
სახელობითი ნერგების დარგვით, რომელთა მოვლაზეც თავად იზრუნებენ, კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა – მოუაროს და შეინარჩუნოს ბუნებრივი სიმდიდრე – ტყე. მცირე დაუდევრობასაც, კი შეუძლია გამოიწვიოს ისეთი მასშტაბური ხანძარი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2017 წელს ბორჯომის ხეობაში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, 2018 წელს 144 ჰა ფართობზე უკვე განახორციელა დარგვის სამუშაოები და ჯამში 250 ათასამდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტყის აღდგენის პროექტი 144 ჰა ფართობზე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც 35 000-მდე წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგო, რის შემდეგაც ნარგავების მოვლის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო შემოდგომაზე განახლდება დარგვის სამუშაოები.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით „გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა“ (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა – „ჩვენ ერთად შევძლებთ შევამციროთ ჰაერის დაბინძურება“.