ბორჯომის ხეობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბორჯომის ხეობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი: 1992 წელს დაბადებული გ. ა., 1990 წელს დაბადებული ვ.კ. და 1990 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები: 1988 წელს დაბადებული ს.პ., 1989 წელს დაბადებული ბ.ვ. და 1985 წელს დაბადებული დ.თ. ბორჯომის რაიონის სოფელ ლიბანის ტერიტორიაზე სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შეხვდათ სამი პირი. ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
გ.ა.-მ ფიზიკური დაპირისპირების დროს დანის გამოყენებით დაჭრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, რომლებიც გადაყვანილი იქნენ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.