ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე ე.წ. კუკუშკამ მოძრაობა განაახლა
ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე ე.წ. კუკუშკამ მოძრაობა განაახლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, პირველი რეისი 07:15 საათზე შესრულდა.
„შეგახსენებთ, 20 ივნისს, სოფელ დაბასთან მისასვლელი გზის მერვე კილომეტრის მერვე პიკეტზე მიწის მასები ჩამოიშალა, რის გამოც „კუკუშკას“ გადაადგილება შეფერხდა. მომხდარის გამო, არავინ დაშავებულა. ლიანდაგის მეწყრული მასისგან გაწმენდით სამუშაოებს რკინიგზის შვილობილი კომპანია ,,GR ბორჯომი – ბაკურიანი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად აწარმოებდა. დღეს, „კუკუშკათი“ ბორჯომიდან ბაკურიანში, ქართველებთან ერთად, უცხოელმა ტურისტებმაც იმგზავრეს“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.