საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის სერიების ერთ მატჩს კარდიფში, „პრინციფალითიზე“ 19 ნოემბერს გამართავს.
ეს იქნება მეოთხე შემთხვევა უკანასკნელ 5 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველო „დრაკონებს“ შეხვდება.
პირველი შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში, „პრინიციფალითიზე“ შედგა და 55 310-მა ქომაგმა დაძაბული თამაში იხილა. ბორჯღალოსნებს ქონდათ შანსი, რომ მრისხანე მეტოქესთან ფრედ ეთამაშათ, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა 13:6 იმარჯვეს.
2019 წლის მსოფლიო თასზე უელსს იაპონიაში ვეთამაშეთ და მეტოქემ დამაჯერებლად მოიგო – 43:14. 2020 წლის შემოდგომის ერთა თასზე „დრაკონებს“ ლიანელში, „პარკ სკარლეტზე“ ვერკინეთ, მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს და 18:0 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის შემდეგ უელსს მეხუთედაც შევხვდებით, რადგან საფრანგეთის 2023 წლის მსოფლიო თასზე, უელსი და საქართველო გ ჯგუფში ითამაშებენ. შესაბამისად, წლევანდელი თამაში მომავალი დაპირისპირების წინ ერთგვარ გახურებად მოიაზრება.
მნიშვნელოვანია, რომ პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, ნოემბრის ტესტ-მატჩებზე სამხრეთელი გრანდები ჩრდილოეთში ბრუნდებიან. ბორჯღალოსნებთან მატჩამდე უელსი 5 ნოემბერს ახალ ზელანდიას და 12 ნოემბერს არგენტინას მასპინძლობს, ჩვენს შემდეგ კი, 26 ნოემბერს ავსტრალიას დაუხვდება.
„სანაკრებო (ტესტ-მატჩი) რაგბში ყველას სურვილია, რომ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ითამაშოს და ნოემბერში ამის შესაძლებლობა გვექნება. ნოემბერში ვეთამაშებით რაგბი ჩემპიონატის სამივე წარმომადგენელს. დაუმატეთ ამას შეხვედრა საქართველოსთან, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი ერთ-ერთი მეტოქეა და ეს მომავალ რკენას უფრო საინტერესოს ხდის“, – ამბობს უელსის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი სთივ ფილიფსი.
„მსოფლიო თასის წინ უელსთან თამაში ძალიან სასიხარულო და საინტერესოა. ზოგადად, ტიერ1-ის გუნდებთან შეხვედრა ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა. მოვსინჯავთ ძალებს და ვნახავთ რა შეგვიძლია. დიდი მნიშვნელობა აქვს რა შემადგენლობით დაგვხვდება მეტოქე. უელსს არ აქვს ისეთი სიღრმე, როგორიც საფრანგეთს და ინგლისს. სხვა ხარისხის რაგბს თამაშობს მათი პირველი შემადგენლობა და სხვას მეორე ნომრები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი თამაში იქნება. უელსი ძიების პროცესშია, რადგან ბევრი მოთამაშე წავიდა ნაკრებიდან და პივაკი ცდილობს, მსოფლიო თასის წინ ახალი გუნდი ააშენოს“, – თქვა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
უკვე ცნობილია, რომ 19 ნოემბრის თამაშის ბილეთების ფასი 10, 15, 20, 25 და 35 გირვანქა სტერლინგი იქნება და მათი გაყიდვა 10 ივნისიდან დაიწყება.
rugby.ge