ბორჯღალოსნები | ლევან მაისაშვილმა ნოემბრის ტესტებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
2022 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს საქართველო 7 დებიუტანტით ხვდება. ტრავმისა თუ სხვა მიზეზებით, გუნდს რამდენიმე ლიდერი დააკლდა, რამაც მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე მწვრთნელებს ახალი სახეების საქმეში ხილვის შესაძლებლობა მისცა.
გაფართოებულ რაზმში 19 მორკინალი და ხაზის 15 მოთამაშეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დანაკლისის შესახებ საუბრობს:
„სამწუხაროა, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. მწვრთნელის ხვედრი ასეთია, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ გარკვეულ ეტაპზე ესა თუ ის მოთამაშე დაგვაკლდება. სწორედ ამისთვის გვინდა სანაკრებო სივრცეში ახალი მოთამაშეების შემოყვანა.
ნოემბერში საინტერესო თამაშები გველოდება ძლიერ მეტოქეებთან. საწყენია, რომ ორი ძირითადი ბურჯი დაგვაკლდება – ლუკა ჯაფარიძე და ბექა გიგაშვილი. პირველს ტრავმა აქვს და ოპერაცია გაიკეთა, ხოლო მეორე ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩამოდის. ბექას არასდროს ჰქონია ნაკრებში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა და მისი სიტუაცია ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია. ასევე, ტრავმირებულია ბურჯი ნიკა ხატიაშვილი, მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მოედანზე 2-3 კვირაში დაბრუნდება. დისკვალიფიკაციის გამო არ გვეყოლება გელა აფრასიძე, რომელიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს. ტრავმირებულია კიდევ ერთი – 9 ნომერი მიხეილ ალანია, ასევე – სოსო მათიაშვილი და თორნიკე კახოიძე“.
34-კაციან რაზმში 7 დებიუტანტია, მათგან სამი პირველი ხაზის მოთამაშეა. გამოძახებულთა შორისაა „ლენსთერის“ ბურჯი ვახტანგ აბდალაძე, რომლის მამა ვეტერანი ბორჯღალოსანია, თავად კი ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები. ასევე, გუნდში არიან ახალგაზრდა ბურჯები – სერგო აბრამიშვილი და ალექსანდრე ქუნთელია. ნაკრებში ოთხი მოთამაშეა „შავი ლომიდან“ – თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა და ოთარ ლაშხი.
„აბრამიშვილსა და ქუნთელიას 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ და კლუბებისგანაც კარგი დახასიათება აქვთ. „ლა როშელში“ კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა ჩვენი შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე, რომელმაც ქუნთელია უშუალოდ საქმეში ნახა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ახალგაზრდაა, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ისინი საქმეში გვეხილა. ასევე გამოვიძახეთ ვახტანგ აბდალაძე, რომელსაც ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები.
გუნდში ოთხი დებიუტანტია „შავი ლომიდან“. ეს გუნდი სწორედ იმისთვის გვყავს, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს მოთამაშეების ჩანაცვლება. ლაშხი ადრეც გვყავდა გაფართოებულ შემადგენლობაში, თუმცა მაშინ თამაში არ მოუწია“, – განაცხადა მაისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში „ბორჯღალოსნები“ სამ ტესტ-მატჩს გამართავენ. 6 ნოემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე“, ამერიკის საუკეთესო გუნდი – ურუგვაი გვესტუმრება, ხოლო 12 ნოემბერს ოკეანეთის ჩემპიონი სამოა. 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კარდიფში, უელსს ეთამაშება.
„ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის ტესტებზე
პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე („შავი ლომი“), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“); შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჭყოიძე („შავი ლომი“), ჯაბა ბრეგვაძე („შავი ლომი“); გურამ პაპიძე („პო“), ვახტანგ აბდალაძე („ლენსთერი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“);
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე („ბაიონი“), ლაშა ჯაიანი („ნევერი“), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“);
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), ოთარ გიორგაძე („მონტობანი“), მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), სანდრო მამამთავრიშვილი („შავი ლომი“);
ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“), გიორგი მარგალიტაძე („შავი ლომი“); თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“);
12-13: მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“), დემე თაფლაძე („შავი ლომი“), ლაშა ლომიძე („შავი ლომი“), გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“);
11-14: აკა ტაბუცაძე („შავი ლომი“), სანდრო თოდუა („შავი ლომი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), ოთარ ლაშხი („შავი ლომი“);
15: დავით ნინიაშვილი („ლიონი“), ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“).
www.rugby.ge