გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერებმა დონბასის რეგიონში და უკრაინის აღმოსავლეთით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.
ბორის ჯონსონმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის გმირი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას ამ ბარბაროსული თავდასხმისგან თავიანთი სამშობლოს დაცვის ძალისხმევაში, მათ შორის საჭირო აღჭურვილობის მიწოდებით.
„ლიდერებმა ისაუბრეს პუტინის მიერ, უკრაინის უდიდესი საზღვაო პორტის, ოდესის საშინელ ბლოკადაზე. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ზელენსკის გააცნო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარე ინტენსიური მუშაობის შესახებ, რომელიც ხორციელდება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის გზების მოსაძებნად, რათა თავიდან იქნას არიდებული გლობალური სასურსათო კრიზისი. მან განაცხადა, რომ სასწრაფო პროგრესისთვის, გაერთიანებული სამეფო „დიდი შვიდულის“ პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას “, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ბორის ჯონსონმა ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მუშაობისა და მოქმედების გაგრძელების მნიშვნელობაზე, რათა უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს და პუტინი დამარცხდეს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნები ვალდებულები არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას, როგორც ახლა, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა აღარასდროს არ დაესხან თავს ისევ.