ბორის ჯონსონმა უკრაინის ომისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ტელეფონით ისაუბრა
ბორის ჯონსონმა უკრაინის ომისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ტელეფონით ისაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინაში მიმდინარე ომისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ.

„პრემიერ-მინისტრი მიესალმა თურქეთის წამყვან როლს კრიზისის მოგვარების მიმართულებით და ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მარშრუტების გახსნისა და სურსათზე გლობალური ფასების შემცირების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნატო-ს გაფართოების საკითხზე საუბრისას ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი ევროპელ მეზობლებს უქმნის და განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს ალიანსისთვის ღირებული წევრები იქნებიან.

„მან მოუწოდა პრეზიდენტ ერდოღანს იმუშაოს შვედ, ფინელ და ნატოელ კოლეგებთან, რათა ნებისმიერი პრობლემური საკითხი გადაიჭრას მომავალ თვეში დაგეგმილ მადრიდის სამიტამდე,“ – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.