ბორის ჯონსონმა ინგლისში კოვიდშეზღუდვების გაუქმება ოთხი კვირით გადაავადა და ვაქცინაციის დაჩქარების შესახებ განაცხადა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინგლისში კოვიდშეზღუდვების გაუქმება ოთხი კვირით გადაავადა და ვაქცინაციის დაჩქარების შესახებ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, დამატებითი დრო ქვეყანას გარდაცვალების ათასობით შემთხვევას ააცილებს თავიდან. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების გაუქმება ინგლისში 21 ივნისს იგეგმებოდა.
„ეს არის გარდაცვალების თავიდან აცილებადი შემთხვევები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, რადგან ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის პროგრამა. ასე რომ, სწორედ ამიტომ ასეთი მიდგომა სწორია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერმა.
როგორც ბორის ჯონსონის ოფისში აცხადებენ, მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალ ვარიანტთან საბრძოლველად საჭიროა ვაქცინის ორი დოზა. შეზღუდვების გაუქმებამდე დამატებითი დრო კი მილიონობით ადამიანს ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.
დაუნინგ სტრიტზე ასევე განაცხადეს, რომ ინტერვალი პირველ და მეორე დოზას შორის 12 კვირიდან რვა კვირამდე შემცირდება 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.