ბორის ჯონსონმა ინდოეთში ვიზიტი გააუქმა
ბორის ჯონსონმა ინდოეთში ვიზიტი გააუქმა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინდოეთში ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერს ინდოეთში ვიზიტი თვის ბოლოს ჰქონდა დაგეგმილი. ჯონსონმა დაგეგმილი ვიზიტი კორონავირუსის გამოწვევებზე ორიენტირების მიზნით გააუქმა.

„დღეს დილით პრემიერ-მინისტრი ტელეფონით ნარენდრა მოდის ესაუბრა, რათა გამოეხატა მისი მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც დაგეგმილი იყო, ის ვერ შეძლებდა ინდოეთში იანვრის ბოლოს გამგზავრებას. გუშინ საღამოს გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის და ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების სისწრაფის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო დიდ ბრიტანეთში დარჩენა“, – ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი დღეიდან გამოაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის საავადმყოფოები „კოვიდ-19“-ის გამო, იმაზე უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, ვიდრე ოდესმე პანდემიის დასაწყისიდან.

ჯონსონის თქმით, მხოლოდ ინგლისში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში დაახლოებით მესამედით გაიზარდა და ეს რიცხვი 40%-ით უფრო მაღალია ვიდრე აპრილში.

ქვეყანაში ბოლო ერთი კვირაა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 50 000 აღემატება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსმა 75 ათასზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანა, ვირუსის გავრცელების კუთხით, აშშ-ს შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.